29 ოქტომბერი, 2018

დოდო ჭიჭინაძის სილამაზით მოხიბლული რომის პაპი

დოდო ჭიჭინაძის სილამაზით მოხიბლული რომის პაპიმსახიობ დოდო ჭიჭინაძის სილამაზით არა მარტო ქართველი მამაკაცები, არამედ თვით რომის პაპი იოანე XXIII-ც მოიხიბლა. როდესაც რომის პაპმა იოანე XXIII-მ XX საუკუნის 50-იან წლებში ქართველი ქალის დამახასიათებელი ტიპაჟის ფოტოპორტრეტი ითხოვა, რადგან იგი სხვადასხვა ქვეყნის ტიპიურ სახეებს აგროვებდა, მას მედეა ჯაფარიძის, ლიანა ასათიანის, ლია ელიავას და დოდო ჭიჭინაძის სურათები გაუგზავნეს.

რომის პაპმა აღფრთოვანება ვერ დამალა ოთხივე ქალბატონის სილამაზის მიმართ და თქვა:

– ესენი (მედეა ჯაფარიძე და ლია ელიავა) დიდებული ევროპაა!

– ო, ეს (ლიანა ასათიანი) მშვენიერი აღმოსავლეთია!

– აი, ეს კი (დოდო ჭიჭინაძე), ეს სახე, მგონი, მართლაც ქართულიაო.

ულამაზეს მსახიობს თაყვანისმცემლები არასოდეს აკლდა, თუმცა დოდო ჭიჭინაძის სილამაზე იმდენ მოწიწებას და კრძალვას იმსახურებდა, მამაკაცები იოლად ვერაფრის თქმას ვერ უბედავდნენ.

მისი პირადი ცხოვრება თავიდან არ აეწყო. მან ოჯახის რჩევა არ გაითვალისწინა და მაინც გათხოვდა, რაც ინანა კიდეც. მეორედ ოჯახი კარგა ხანს არ შეუქმნია, რადგან მამაკაცებისადმი ნდობა დაკარგა.

თავის პირად ცხოვრებაზე დოდო ჭიჭინაძე ასეთ ისტორიებს იხსენებდა:

“გაფრინდა ის დრო, ჩემი სახლის წინ გიტარით რომ მიმღეროდნენ ბიჭები…
ერთხელ ლაშიკო (თაბუკაშვილი) მეუბნება: გზაზე ვიდექით ბიჭები. ვხედავ, თქვენ და დედაჩემი (მედეა ჯაფარიძე) მოდიხართ. ჰოდა, კაცები თქვენზე ისეთ კარგ რაღაცეებს ლაპარაკობდნენ, გასუსული ვიდექი, ვუსმენდი და ჩემზე ბედნიერი ქვეყნად, ალბათ, არავინ იყო!

მე, ძალიან ახალგაზრდა, უბედოდ გავთხოვდი. სულ სხვა მიყვარდა. როცა ქმრისაგან წამოვედი, მამაკაცებისადმი ისეთი უნდობლობა გამიჩნდა, რომ ძალიან გვიან, ისიც ჩემი ბიძაშვილის ძალისხმევით მეორედ ვცადე ბედი და, კიდევ ოთარ ეგაძის წყალობით, რომელსაც საოცრად თბილი დამოკიდებულება ჰქონდა ჩემი ძმისა და ჩვენი ოჯახისადმი: ამას როგორ აკეთებ, დოდო, ცოდო ხარო, სულ მეუბნებოდა და…. ერთი სიტყვით, ჩემმა ბიძაშვილმა, დათო ჭიჭინაძემ, მითხრა: ეს უბრწყინვალესი კაცი, რომელსაც, შენც კარგად იცი, მთელი თავისი ცხოვრებაა, უყვარხარ, ჩემი მეგობარია, ახლავე წამოხვალ და ხელს მოაწერთო. ოთარიც იქვე იყო თურმე, მოლაპარაკებულები ყოფილან და მართლაც, რაიონის მმაჩის ბიუროში გამაქანეს. რომ მივედით, იხუმრეს, ესენი ძალით დავიჭირეთ და ხელის მოწერა უნდა გავაფორმოთო. იმათ კიდევ, რას ბრძანებთ, ამას ერთი თვე სჭირდებაო. მაშინ ოთარმა მეგობარ რაიკომის მდივანს, რომელიც ბიუროს სხდომას ატარებდა, დაურეკა: “ეს ჩვენი გიჟი დოდო ჭიჭინაძე, როგორც იქნა, ქორწინებაზე დავითანხმეთ, აქ, მმაჩის ბიუროში კი ამას ერთი თვე სჭირდებაო, უარს გვეუბნებიანო. რაიკომის მდივანმა ეს საკითხიც ბიუროზე გაიტანა, იმათ კიდევ ერთი ამბავი ატეხეს, ახლავე მოაწერონ ხელიო… რა სასაცილო კაბა მეცვა, ახლაც შენახული მაქვს. ამბის ატეხა მაშინ გენახათ, ჩემი გათხოვება კამოს ქუჩის N4-მა რომ გაიგო, მთელი სახლი აივანზე გადმომდგარი, ტაშის გრიალით შემეგება.

ჩემი მეუღლე, მართლაც, უბრწყინვალესი პიროვნება, ჭეშმარიტი ინტელიგენტი და გამორჩეული ვაჟკაცი გახლდათ, პროფესიით ინჟინერი; დიდზე-დიდი სპეციალისტი, უამრავი ფაბრიკა-ქარხანა აქვს აშენებული. უნიჭიერესი კაცი იყო, ექვს ენაზე ლაპარაკობდა, მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოვრება ენახა და ეგრძნო ეს ცხოვრება…. მის გვერდით, მართლაც, ბედნიერი ქალი ვიყავი. მას იმ ასაკში გავყევი ცოლად, რომ შვილთან დაკავშირებით პრეტენზიები აღარ ჰქონდა, რადგან 40 წელს ვიყავი გადაცირებული. თანაც მას შვილი უკვე ჰყავდა – ბიჭი. ჩემს მეუღლეს ახალგაზრდობაში ქალები უყვარდა ძალიან. ის ქალიც “ნემკა ევრეიკა” სპორტსმენი იყო, მასზე დაოჯახება კი არასოდეს უფიქრია, მაგრამ შვილს გვარი მისცა.”