23 სექტემბერი, 2018

უშანგი ჩხეიძე – მოვლენა ქართულ თეატრში

უშანგი ჩხეიძე - მოვლენა ქართულ თეატრშიუშანგი ჩხეიძე ნამდვილად მოვლენა იყო ქართულ თეატრში. მხოლოდ მან შეძლო კარიერის დასაწყისში, 25 წლის ასაკში ოტელოს თამაში და თანაც ისე, რომ კოტე მარჯანიშვილმა აღტაცება ვერ დამალა:

“ჩემო უშანგ, ჰამლეტი მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი გზისა, რომელსაც მჯერა გაივლი, როგორც შემომქმედი.”

თეატრით უშანგი ჩხეიძე პატარაობიდანვე დაინტერესდა. პირველი, ვინც მასზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ვალერიან შალიკაშვილი იყო. მსახიობმა თავიდანვე გადაწყვიტა თავისი ცხოვრება სასცენო ხელოვნებისთვის დაეკავშირებინა და ჩანაფიქრი წარმატებით განახორციელა.

უშანგი ჩხეიძის ყოველი გამოსვლა სცენაზე ნამდვილი დღესასწაული იყო. მის ნიჭიერებას აღიარებდნენ არა მარტო მაყურებლები, არამედ რეჟისორები, მხატვრები თუ მსახიობები.

10-წლიანი კარიერის განმავლობაში მსახიობმა იმდენი როლი ითამაშა, რამდენსაც ზოგიერთი მსახიობი 50 წლის განმავლობაში ვერ შეძლებდა.

უშანგი ჩხეიძის შესახებ ყოველთვის დიდი სიყვარულით საუბრობდა ვერიკო ანჯაფარიძე:

“უშანგი ჩხეიძე იყო ჭკვიანი, უდიდესი ტემპერამენტის მქონე, საოცრად ემოციური, გარეგნულად თავშეკავებული, მაგრამ შინაგანად ცეცხლოვანი გრძნობით სავსე, ძალიან მიმზიდველი, სიამაყის იერი გადაჰკრავდა მის ყოველ მოძრაობას, მთლიანად მის იერს, რბილი სასიამოვნო ხმის ტემბრი, უცნაურად მეტყველი თვალები სახეს უმშვენებდა, ასეთი იყო უშანგი.

ჩემი განუმეორებელი და განუყრელი პარტნიორი უშანგი ჩხეიძეა, რომელთანაც მე წლების მანძილზე ყველა ქვეყნის კლასიკურ პიესებში ვთამაშობდი და ჩემი თვალით ვხედავდი. მისი შინაგანი აქტიორული ძალა ჩემს წინ ინთებოდა, როგორც რენდგენის სხივებით გაშუქებული მსახიობის გული და მე ვხედავდი ყველა როლის თამაშის დროს მისი გული როგორ იწურებოდა წვეთ-წვეთად სასიცოცხლო სისხლისაგან.

უშანგი გიგანტური ნაბიჯებით მიდიოდა წინ, სულ წინ, მაღლა მწვერვალებისკენ, მე კი გვერდით და ფეხდაფეხ მივდევდი, მაგრამ ვერ ვეწეოდი.

ამის ნათელი დადასტურებაა ისიც, რომ ჩვენ თაობაში მან ერთმა პირველმა მიიღო ყველაზე ადრე სახალხოობა კოტე მარჯანიშვილთან ერთად და, მიუხედავად თავისი დიდი ნიჭისა, უშანგი იყო უაღრესად უბრალო, მოსიყვარულე, თავაზიანი, გულისხმიერი, მორიდებული ყველას მიმართ. მისი მშვენება იყო მისი კეთილშობილება და მიმზიდველობა, დიდი ჰუმორი, რითაც ხალისი შემოჰქონდა ჩვენს წრეში. ხშირად მიფიქრია, რა უფერული იქნებოდა ჩვენი ცხოვრება თეატრშიც და მის გარეთაც, რომ უშანგი არ ყოფილიყო სცენაზე, იგი რაინდი იყო.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ამხელა გაქანების შემოქმედი, ცხოვრებაში “ბოჰემა” უშანგი ჩხეიძე, ყოველდღიურად იწერდა თეატრის ცხოვრების ამბებს. მის არქივში არსებულ დოკუმენტებში ზუსტად და ობიექტურადაა აღწერილი ის, რაც ხდებოდა თეატრში მისი მოღვაწეობის დროს.

მას უსაზღვროდ უყვარდა სამშობლო, იყო სამაგალითო მოქალაქე, გულისხმიერი მეგობარი და ამხანაგი.”