Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

უახლესი ინფორმაცია ბაგრატის ტაძრის ციტადელის გაყიდვაზე

21 სექტემბერი, 2018

უახლესი ინფორმაცია ბაგრატის ტაძრის ციტადელის გაყიდვაზე ბაგრატის ტაძრის შეუსწავლელი ციტადელის გაყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება და ვნებათაღელვა მოჰყვა.

განცხადებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ოფიციალური წერილით უპასუხა:

“სოციალურ ქსელში და ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში ქუთაისის IV-V საუკუნეების ნაქალაქარის მიმდებარედ კულტურის მინისტრის მიერ ისტორიული აბანოს ტერიტორიის გაყიდულ მიწებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა და მიზნად ფართო საზოგადოებრივ აჟოიტაჟს და პროვოკაციას ისახავს. „არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ სახელის ქვეშ იდენტიფიცირებული მოქალაქეების ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული განცხადება სრულად აცდენილია ობიექტურ რეალობას და მკითხველს მცდარ მონაცემებს აწვდის!

პოლიტიკური მიკერძოების ნიშნებით გაჯერებულ პათეტიკურ განცხადებაში მოყვანილი ტყუილისა და ცრუ მონაცემების საპირისპიროდ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მინიშნებულ არქეოლოგიურ ობიექტს, განცხადებაში მინიშნებული ფართი „ბაგრატის ტაძრის შეუსწავლელ ციტადელთან“ საერთო არაფერი აქვს და ის საკათედრო ტაძრის გალავნიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით 100 მეტრის დაშორებით მდებარე ისტორიული აბანოს კომპლექსია, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში არქეოლოგ ომარ ლანჩავას ხელმძღვანელობით წარმოებული სამეცნიერო კვლევა-ძიების პროცესის შედეგად გამოვლინდა, კომპლექსი მოიცავდა: აბანოს, შეშის საწყობს, მოსასვენებელ სახლსა და წყლის მოცულობით რეზერვუარს. იმავე წლებში ქუთაისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე (30 ჰა) განსახლებული იყო 40 მდე ოჯახი, რომელთაც ქალაქ ქუთაისის იმდროინდელი აღმასკომის დადგენილებით ჩამოერთვათ სამოსახლო მიწების გარკვეული ფართობი, რაც სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა.

2008 წელს 26 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე განახორციელა N03.02.03.108 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის, ისტორიული აბანოს მიწის ფართობის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რის შემდეგაც კერძო მესაკუთრეს კანონმდებლობის ფარგლებში მისი განკარგვის უფლებამოსილებაც მიენიჭა. შესაბამისად, არც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და არც ყოფილ მინისტრ მიხეილ გიორგაძეს. კერძო მესაკუთრის მიერ აღნიშნული მიწის გასხვისების შესაძლო გარიგებასთან არანაირი საერთო არ ჰქონია და არც შეიძლება ჰქონოდა.

ამავდროულად, ისტორიულ აბანოს, როგორც უქიმერიონის ციხის კომპლექსის შემადგენელ ნაწილს კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და მას კანონი იცავს. ამასთან ერთად, მიწის აღნიშნული ფართობი მდებარეობს ეროვნული კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ბაგრატის საკათედრო ტაძრის 500 მეტრიანი დაცვითი ზონის არეალში, რომელზეც ნებისმიერი შეუთანხმებელი ფიზიკური ჩარევა დასჯად ქმედებად ითვლება.”