23 სექტემბერი, 2018

ცისანა ტატიშვილი – ქართველი საოპერო დივა

ცისანა ტატიშვილი - ქართველი საოპერო დივა ოპერის ლეგენდარული მომღერალი ცისანა ტატიშვილი რიხარდ შტრაუსის „სალომეას“ პარტიის ერთ-ერთი პირველი და საუკეთესო შემსრულებელი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში, ამიტომ მსოფლიო მუსიკის ენციკლოპედიაში იგი სალომეას შემსრულებელთა მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია შესული.

მომღერლის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ქართველი საოპერო დივა 80 წლის ასაკში შარშან ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა.

ცისანა ტატიშვილი 38 წელი იყო თბილისის საოპერო თეატრის პრიმადონა. ქართველი საოპერო დივა სხვადასხვა დროს გამოდიოდა მოსკოვის დიდი თეატრის, პეტერბურგის მარიას თეატრის, ბერლინის კომიშე ოპერისა და დოიჩე ოპერის სცენებზე. ასევე, მღეროდა ერევნის, ბაქოს, ვილნიუსის, რიგის, კიშინოვის, კიევის, ოდესის, მინსკის, სოფიის, ბუდაპეშტის, ვარშავის, ბონის, კიოლნის, მიუნჰენის, ბაზელის, ათენის, ლისაბონის, ლონდონის, პრაღის სახელმწიფო ოპერის, ვენის თეატრების სცენებზე.

მას სხვადასხვა დროს მიღებული ჰქონდა სსრკ სახალხო არტისტის, საქართველოს სახალხო არტისტის, საქართველოს დამსახურებული არტისტისა და თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. ასევე, ცისანა ტატიშვილს გადაეცა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ღირსების ორდენი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია, ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის პრემია, ალბერტ შვეიცერის ოქროს მედალი.

ცისანა ტატიშვილს 2010 წელს ოპერის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. მომღერალი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.