9 სექტემბერი, 2018

პოეტი ზვიად რატიანი საქართველოდან წავიდა

პოეტი ზვიად რატიანი საქართველოდან წავიდაპოეტმა ზვიად რატიანმა საქართველო დატოვა. შემოქმედი მას შემდეგ მოექცა ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რაც პოლიციელებმა სცემეს.

პოეტმა საქართველოდან უცხოეთში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და თავის მეგობრებს, უახლოეს ადამიანებს და მკითხველებს 2002 წელს დაწერილი ლექსით დაემშვიდობა:

“გზები და დღეები
XIII
აეროპორტში დაგხვდებიან. თვითონ გიცნობენ.
დაბინავება, საბუთები – მათი საქმეა.
შენ ერთადერთი გევალება: ხელის დაქნევა
წარსულისათვის. ისე სწრაფად, როგორც იძრობენ
ცეცხლში გახვეულ ტანისამოსს. მშვიდად იბრუნე –
უთხარი შენს სისხლს. გულს უთხარი, აღარ ინატროს.
თვალებს უთხარი, არ გახედონ ილუმინატორს.
სხეულს არ უთხრა არაფერი – ისეც მიბმული
იქნება მაღალ სავარძელზე. საფრენი ზოლი
და ყველაფერი, რასაც ხედავ, ციმციმებს, ბზინავს.
შენ მოითავე საქმეები და ახლა გძინავს,
ხმა კი განაგრძობს: ვინც გიყვარდა, შვილები, ცოლი
და ყველა, ყველა დაივიწყე! შენში ისხმება
ახალი სისხლი, და სხვა მიწა, ენა, კერძები
გელიან, რათა გემსახურონ… რაღაც იმსხვრევა
და გეღვიძება უეცარი ვარდნის შეგრძნებით.”