1 სექტემბერი, 2018

„ეროვნული იმპერატივი“ ახორციელებს პროექტს „…დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“

„ეროვნული იმპერატივი“ ახორციელებს პროექტს „...დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება ეროვნული იმპერატივი უკვე მეხუთე წელია, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს, 12 სექტემბერს ახორციელებს პროექტს „…დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“.

საქართველოს ისტორიაში არა ერთი თარიღია, რომელმაც შეცვალა ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების ბედი… ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ გასახსენებელი თარიღი კი, ჩვენ მეხსიერებაში 1907 წლის 12 სექტემბერია… თარიღი, რომელმაც აშკარად გამოავლინა ეროვნული ტრაგედიის მასშტაბი და სიცოცხლეშივე ისტორიად ქცეული პიროვნების მნიშვნელობა – ეს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეა.

წელს უკვე მეხუთე წელი იქნება, რაც საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს, 12 სექტემბერს, ამ უდიდესი ფენომენის უკვდავსაყოფად ახორციელებს პროექტს „…დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“.

პროექტის მიზანია ილიას სახელის პოპულარიზაცია, მისი იდეების და მემკვიდრეობის სიღრმისეულად აღქმა, გააზრება და, რაც მთავარია, გადააზრება პოლიტკონიუნქტურის გარეშე, რაც უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივი საზრისის და სამოქალაქო ცნობიერებისათვის. ეს კი ერთ-ერთი სოციო-კულტურული პრიორიტეტია, რომელიც თანამედროვე საზოგადოების ჩამოყალიბების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა.

12 სექტემბერს, პროექტის „…დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“ – ფარგლებში, თბილისის მასშტაბით არაერთ ადგილზე გაიმართება საჯარო, სახელოვნებო და ლიტერატურული ღონისძიებები ილიას სახელთან დაკავშირებულ ლოკაციებზე: სიონის ტაძრის ეზოში, მთაწმინდის პანთეონში და თბილისში მის მემორიალურ მუზუმში.

„ეროვნული იმპერატივი“ ყველას მოუწოდებს შემოუერთდნენ მათ ღონისძიებებს, რომლებზე დასწრებაც, როგორც ყოველთვის, თავისუფალი იქნება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განრიგი კი, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.