Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

2 სექტემბრიდან „ღამის სერენადები“თბილისში გადმოინაცვლებს

1 სექტემბერი, 2018

2 სექტემბრიდან „ღამის სერენადები“თბილისში გადმოინაცვლებს ბათუმი-თბილისის X საერთაშორისო ფესტივალი ,,ღამის სერენადები” 26 აგვისტოს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გაიხსნა და რამდენიმე კონცერტს უმასპინძლა. ბათუმში საფესტივალო ნაწილი დასრულებულია.

ლიანა ისაკაძის მიერ დაფუძნებული მუსიკალური ფესტივალი 2 სექტემბრიდან თბილისში გადმოინაცვლებს. კონსერვატორიაში გამართულ კონცერტზე აჟღერდება იოსებ ბარდანაშვილის „სერენადა“ ვიოლინოსა და კამერული ორკესტრისთვის. შესრულება კომპოზიტორის 70 წლის იუბილეს მიეძღვნება. კონცერტის მეორე ნაწილი დაეთმობა გია იაშვილის პროექტს „ოპერა-ფანტაზია“ – პოპულარული არიები გადამუშავებული ვიოლინოსა და სიმებიანებისთვის.

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, ისრაელის პრემიერ-მინისტრის პრიზის ორგზის მფლობელი, ისრაელის საავტორო უფლებათა სააგენტოს, ისრაელის თეატრალური ოსკარის და სხვა მნიშვნელოვანი პრიზების მრავალგზის მფლობელი იოსებ ბარდანაშვილი დაიბადა 1948 წელს ბათუმში, ცნობილი მხატვრის იუზა ბარდანაშვილის ოჯახში. 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, შემდეგ – ასპირანტურა. 1986-1991 წლებში იყო ბათუმის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი, 1991-1993 წლებში – აჭარის მუსიკალური საზოგადოების სამხატვრო ხელმძღვანელი, 1993-1994 წლებში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილე. 1995 წლიდან ცხოვრობს ისრაელში.
იოსებ ბარდანაშვილი 100-ზე მეტი მუსიკალური ნაწარმოების ავტორია. მათ შორისაა 4 ოპერა, 2 ბალეტი, 3 სიმფონია, კამერული მუსიკა სხვადასხვა ანსამბლისთვის, ინსტრუმენტული კონცერტები, საგუნდო მუსიკა, საესტრადო სიმღერები, მუსიკა თეატრისა და კინოსთვის. მისი ნაწარმოებები სრულდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცნობილი მუსიკალური კოლექტივებისა და შემსრულებლების მიერ.

გია იაშვილი უკვე 20 წელზე მეტია, რაც სოლო-საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა ევროპაში, ამერიკაში, აზიასა და ავსტრალიაში. 2006-2011 წლებში მაესტრო ლორინ მააზელის მიწვევით იყო ვალენსიის საოპერო თეატრის კონცერტმაისტერი, რომელსაც ასევე ხელმძღვანელობდა მაესტრო ზუბინ მეტა. ამჟამად გია პეკინის სიმფონიური ორკესტრის მოწვეული კონცერტმაისტერია. იგი ცნობილი საერთაშორისო ფესტივალების ხშირი სტუმარია (Schleswig Holstein Festival, Verbier Festival, Festival di Roma, Santander Festival). მოღვაწეობს ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან იო-იომა, ჯოშუა ბელი, მარტა არგერიხი, ლორინ მააზელი, კლაუდიო აბადო, ნიგელ კენედი, მიშა მაისკი, ირვი გიტლისი და სხვები.

რაც შეეხება „ღამის სერენადების“ ბათუმურ საღამოებს, მასში მონაწილეობდნენ: ალექსანდრე კორსანტია, ვახტანგ მაჭავარიანი, გია იაშვილი, გეზა ჰოსზუ ლეგოცკი, სოფია ბოროსი, მარიო სტეფანო პიეტროდარჩი, კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი და სხვები. წლევანდელი ფესტივალის საბაზო ორკესტრია კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“.

ღონისძიებაზე, სადაც სოსო ბარდანაშვილის „სერენადა“ შესრულდა, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ცნობილი კომპოზიტორი, რომელსაც საპატიო ბათუმელის წოდება უკვე აქვს მინიჭებული, დამსახურებული მოღვაწის წოდებით დააჯილდოვა.

ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს, ცნობილი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, მუსიკოსის ლიანა ისაკაძის ინიციატივით, აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა. მისი აღდგენა მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი. „ღამის სერენადების“ უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი კვლავ ლიანა ისაკაძეა. წელს ფესტივალს სამხატვრო ხელმძღვანელობას, ლიანა ისაკაძესთან ერთად, მისი ძმისშვილი, გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე გაუწევს, რომელიც ქალაქ ინგოლშტადტში მუსიკალური სასწავლებლის და ასევე, მიუნხენში, ცეკვისა და მუსიკის აკადემიის დამაარსებელი და ხელმძღვანელია. წლების განმავლობაში ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა განაპირობა მისი გეოგრაფიის გაფართოება, რიც გამოც, 2015 წლიდან მას უკვე ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ეწოდა. საფესტივალო საღამოები ბათუმში მეათედ 26, 28 და 29 აგვისტოს გაიმართა.

ფესტივალი ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „არდი“. ღონისძიების ორგანიზატორი: კომპანია ,,არტ ალიანსი“.

ფესტივალის   მთავარი   პარტნიორები   არიან   საქართველოს   განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია,  ქ. თბილისის მერია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, პროექტი  Check in Georgia, ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „არდი” , კომპანია „თელასი“, „ჯინო ფერედაისი“,  ქართული ვისკი”ჯიმშერი”, კომპანია ”სარაჯიშვილი”, ქართული უნიკალური ღვინო Georgian unique wine, „ედვაის ჯგუფი“, მოდის სახლი „მარიგოლდი“.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები: – პირველი არხი, აჭარის ტელევიზია, რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“,  „ივენთს ამბები.გე“, საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი, „ინტერნეტ მედია ჯგუფი“, „მედიაგავრცელების სააგენტო კლიპ-არტი“, Awards.com.ge, ინგლისურენოვანი გაზეთები„Georgia Today“ და „The Georgian Messenger“, ვიდეო პორტალი ”My Video.GE”.

2 სექტემბრიდან „ღამის სერენადები“თბილისში გადმოინაცვლებს