29 ივლისი, 2018

ოთარ ჭილაძე: “უსამშობლოდ ვართ საკუთარ სამშობლოში…”

ოთარ ჭილაძე: "უსამშობლოდ ვართ საკუთარ სამშობლოში..."– ეს არის თავი და თავი ჩვენი უბედურებისა, ისეთები აღარა ვართ, როგორებიც შეიძლება მართლა ვიყავით ოდესღაც, მაგრამ ჯიუტად ვუმტკიცებთ თავს, არაფერი არ შეცვლილაო, – ამბობდა მწერალი ოთარ ჭილაძე და ეს მოსაზრება დღეს ყველაზე აქტუალურია:

“კი ვტრაბახობთ, მაგრები ვართ, არ მოვითმენთ, ვერ ავიტანთ, არ დავთმობთ, ვერ შევეგუებით, მაგრამ, რაც თავი მახსოვს, ვითმენთ, ვიტანთ, ვთმობთ, ვეგუებით…

ეს არის თავი და თავი ჩვენი უბედურებისა, ისეთები აღარა ვართ, როგორებიც შეიძლება მართლა ვიყავით ოდესღაც, მაგრამ ჯიუტად ვუმტკიცებთ თავს, არაფერი არ შეცვლილაო.

არადა, ყველაფერი შეიცვალა, საზღვრებიც, მიზანიც, უსამშობლოდ ვართ საკუთარ სამშობლოში, სამშობლოს კი არ ვათავისუფლებთ, სამშობლოსგან ვთავისუფლდებით თანდათან.

სამშობლო, ვიდრე არსებობს, არა მხოლოდ ვალდებულს გვხდის ვიღაცისა თუ რაღაცის წინაშე, არამედ გვამხელს კიდეც, როგორც კი თავს ვარიდებთ ვალდებულებებს…

ვთავისუფლდებით დამნაშავის კომპლექსისგან, ყოველ შემთხვევაში, დანაშაულად აღარ ვთვლით, იმავე სამშობლოს ღალატს…

განა ეს ცოტაა!”