14 ივლისი, 2018

ნოდარ დუმბაძე – ყველაზე გულიანი მწერალი

ნოდარ დუმბაძე - ყველაზე გულიანი მწერალიქართველი ჰუმანოიდი – ასე უწოდებენ მწერალ ნოდარ დუმბაძეს, რომლის შემოქმედებაშიც იუმორთან ერთად, უდიდესი სიბრძნეა ჩადებული.

“არტინფო” შეგახსენებთ ნაწყვეტს მისი რომანიდან “მარადისობის კანონი”, რომელიც ნოდარ დუმბაძის გულიანობაში და უბრალოებაში კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ:

“- უკაცრავად, მოქალაქე, მართალია, თქვენ არ მიცნობთ, მაგრამ მე გიცნობთ. თითქმის ყოველდღე მხვდებით ქუჩაში, თუ არ შეწუხდებით, მობრძანდით დღეს ჩემთან, დაბადების დღე მაქვს, 24 წლის გავხდი, ძალიან გთხოვთ, ნუ დამზარდებით, აქვე ვცხოვრობ, აი, ამ სახლში, მეოთხე სართულზე, ხელმარცხნივ, კარი ღია იქნება…

– მაპატიეთ, ქალბატონო, უზრდელი არ გეგონოთ, უცნობ ქალს ქუჩაში რომ გაჩერებთ, მაგრამ ძალიან მინდა, ჩემს დაბადების დღეზე იყოთ დღეს. უხერხული თუ არ იქნება თქვენთვის, მობრძანდით, ძალიან გამიხარდება. თქვენ ისე გავხართ დედაჩემს…

– ძია ართავაზ, ნუ გეშინია, მაგ გასტრონომს არავინ წაიღებს, მალე გაგიშვებ, თითო ჭიქა შევსვათ, ღამის სადღეგრძელო შევსვათ, ღამისა, რომელიც თენდება…

– თავერ, შენც დაპატიჟება გინდა? მოდი და ერთად გადავიხადოთ დაბადების დღე. სულაც ჩემთან დარჩი, აკრიფე შენი გუდა-ნაბადი და მოდი, გესმის? არ მომატყუო, უეჭველად მოდი. ისეთი დაბადების დღე გადავიხადოთ, ჯერ რომ არავის გადაუხდია… მოდი, თუ ძმა ხარ…

და ვიცი, რომ ყველა მოვა, ყველა და რაც არ უნდა პატარა იყოს ეს ოთახი, მაინც ყველა დაეტევა, ყველა თუ არ დაეტევა, რიგრიგობით შემოვლენ და მომილოცავენ. რა მოხდა მერე? ჩემს დალოცვას და დღეგრძელობას რა უნდა? არაფერი, სულ ორიოდე სიტყვა.”