30 ივლისი, 2018

კარგი ამბავი ანთიმოზ ივერიელზე

კარგი ამბავი ანთიმოზ ივერიელზეისტორიკოსი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი ქართველი მწიგნობარის და განმანათლებლის ანთიმოზ ივერიელის შესახებ სასიამოვნო სიახლეს ავრცელებს:

“კიდევ ერთი კარგი ამბავი: დიდი ხნის ამაო ძებნის შემდეგ, კითხვა-კითხვით, მივაგენი ანთიმოზ ივერიელის მესამე ფრესკულ პორტრეტს იქ, სადაც სრულიად არ ველოდი.

ეს არის ცნობილი კოზიას მონასტრის ჩრდილოეთი სამლოცველო, რომელიც ტურისტებისთვის დაკეტილია. მასში მხოლოდ ერთ კედელზეა შემორჩენილი ძველი, 1710-1711 წლების მხატვრობა, რადგან 1859 წელს ადიდებულმა მდინარე ოლტმა დაანგრია სამლოცველოს დიდი ნაწილი. საბედნიეროდ, ანთიმოზის პორტრეტი გადარჩა, თუმცა სახე და ტანის ქვედა ნაწილი დაზიანდა. 1958 წელს რუმინეთის ძეგლთა დაცვის სამსახურმა დაზიანებული სამლოცველო აღადგინა, ხოლო ფრესკების რესტავრაცია რამდენიმე წლის წინ გახდა შესაძლებელი. ასე გამოიყურება დღეს ანთიმოზის ფრესკა კოზიას მონასტრის სამლოცველოში.

P. S. სამეცნიერო ლიტერატურაში კარგადაა ცნობილი ანთიმოზის პორტრეტი გოვორას მონასტრიდან. უთითებდნენ ასევე ფედელეშოიუს ეკლესიას, თუმცა იქაური პორტრეტი დაბეჭდილი სახით არსად შემხვედრია, სწორედ ამიტომ გადავუღე ფოტოები გასულ ზამთარს.

მესამედ ასახელებენ ხან ჰოტარანის ეკლესიას, ხან სტრეჰაიას მონასტერს. ორივე ეს ინფორმაცია არასწორი გამოდგა. ჰოდა, ეჭვი გამიჩნდა: გოვორას, ფედელეშოიუს და კოზიას გარდა, ხომ არ არის კიდევ ერთი, მეოთხე პორტრეტი, რომელიმე ეკლესიაში, რომლის სახელიც ასე შეცდომით გადადის სტატიიდან სტატიაში? უბრალოდ, კოზიას მონასტერი იმდენად ცნობილია, რომ მისი დავიწყება ან სხვა ეკლესია-მონასტერთან არევა შეუძლებელია.”