25 ივლისი, 2018

“ღამის სერენადები” 10 წლისაა

"ღამის სერენადები" 10 წლისაალიანა ისაკაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები” ათი წლისაა.

ბათუმი-თბილისის X საიუბილეო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 26 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

ფესტივალი 1982 წელს ცნობილი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, განუმეორებელი მუსიკოსის ლიანა ისაკაძის ინიციატივით, საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა. მისი აღდგენა მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს გახდა შესაძლებელი – შავი ზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში, რომლის უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი კვლავ ლიანა ისაკაძეა.

წელს ფესტივალს სამხატვრო ხელმძღვანელობას ქალბატონ ლიანასთან ერთად მისი ძმისწული გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე გაუწევს, რომელიც ქალაქ ინგოლშტადტში მუსიკალური სასწავლებლის და ასევე მიუნხენში ცეკვისა და მუსიკის აკადემიის დამაარსებელი და ხელმძღვანელია.

წლების მანძილზე ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა მისი გეოგრაფიის გაფართოება განაპირობა, რის გამოც 2015 წლიდან თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით ფესტივალს ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ეწოდა.

2018 წელს ფესტივალი 26, 28 და 29 აგვისტოს ბათუმში სასტუმრო “შერატონ ბათუმის” საკონცერტო დარაზში ჩატარდება, ხოლო 2 და 4 სექტემბერს კი თბილისში – კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.

– 2011 წლიდან ფესტივალის საბაზო ორკესტრია ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი მსოფლიო კამერული ანსამბლ-ორკესტრი “ვირტუოზები”, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა 2013 წელს ლონდონში, 2014 წელს ნიუ-იორკში, ხოლო 2016 წელს შვეიცარიაში გამართული საქველმოქმედო კონცერტებით. 2018 წელს ორკესტრი დაკომპლექტდა უცხოეთში და საქართველოში მოღვაწე ნიჭიერი, ახალგაზრდა მუსიკოსებით და ეწოდა – “საქართველოს ვირტუოზები, – აღნიშნავს კომპანია არტ ალიანსის და ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი.

წლევანდელ საიუბილეო ფესტივალში მონაწილეობენ ცნობილი მუსიკოსები – პიანისტი ალექსანდრე კორსანტია (აშშ), დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი (საქართველო/ბელგია), მევიოლინე გია იაშვილი (საქართველო/ავსტრია), მევიოლინე გეზა ჰოსზუ-ლეგოცკი (უნგრეთი/შვეიცარია), გიტარისტი სოფია ბოროსი (ავსტრია/უნგრეთი), ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი (იტალია), კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი (ისრაელი/საქართველო)…

ვახტანგ მაჭავარიანი, დირიჟორი:

– ბედნიერებაა ისეთი გენიალური ადამიანის ფესტივალში მონაწილეობა, როგორიც ლიანა ისაკაძეა. ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, ლიანა ისაკაძე საქართველოს მუსიკალურ კულტურაში მოვლენაა. გარდა იმისა, რომ მეგობრები ვართ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მუსიკალური თილისმა ლიანაა იმიტომ, რომ ჩემი პირველი კონცერტი არაერთ ქვეყანაში სწორედ მას უკავშირდება. ასევე ჩემი პირველი ჩანაწერიც ლიანასთან არის დაკავშირებული. ამასთან, მრავალწლიანი მეგობრობა და ახლობლობა გვაკავშირებს. ამდენად, ფესტივალში მონაწილეობა საპასუხისმგებლო და სასიამოვნოა. მთხოვეს, ყველა კონცერტს ვუდირიჟორო, ლიანას გვერდით დგომა ჩემთვის სასიხარულოა.

რეპერტუარში არაერთი საინტერესო ნაწარმოები გვაქვს, მოცარტის “ღამის პატარა სერენადა”, რაც აღიარებულია როგორც ერთ-ერთი უდიდესი ქმნილება. ასევე მნიშვნელოვანია სოსო ბარდანაშვილის კონცერტი, ის საქართველოში ბევრჯერ არ შესრულებულა. სოსო ბარდანაშვილი ძალიან წარმატებული კომპოზიტორია. მგონი, საქართველოში მის ნაწარმოებს “სერენადა” ვიოლინოსა და სიმებისათვის პირველად დაუკრავენ. ესეც დიდი და საინტერესო მოვლენაა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეპერტუარშია შოსტაკოვიჩის “კამერული სიმფონია” დო მინორი. ბევრი წელია, ეს გენიალური ქმნილებაც საქართველოში არ შესრულებულა. შესრულდება ალექსი მაჭავარიანის “სიმფონია კამერული ორკესტრისთვის”.

მიხარია, რომ ჩემს გვერდით ისეთი მუსიკოსი იქნება, როგორიც საშა კორსანტიაა, ჩვენ მრავალი წლის ახლობლობა გვაკავშირებს, როგორც ადამიანური, ასევე შემოქმედებითი თვალსაზრისით. დაუკრავს კარგი მევიოლინე გია იაშვილი დიდი მევიოლინეთა ოჯახიდან. გარდა ამისა, ფესტივალში არაერთი შესანიშნავი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია კიდევ ერთი რამ, რომ საშა კორსანტია საქართველოში ისეთ ნაწარმოებს დაუკრავს, როგორიცაა, გალინა უსტვოლსკაიას “კონცერტი ფორტეპიანოს”, “ლიტვარებისა და სიმებიანებისთვის”. ძალიან მოკლე ხანში უნდა მოვამზადოთ დიდი პროგრამა. ბევრი რამ ჩემი და ორკესტრის მხრებზე გადაივლის და ვეცდებით, ამ ყველაფერს ღირსეულად გავუმკლავდეთ.

ასე, რომ გრძელდება ლიანა ისაკაძის დაფუძნებული ფესტივალი, რომელსაც ღირსეულად უნდა შევხდეთ და წავუძღვეთ.

ალექსანდრე კორსანტია, პიანისტი:

– მოუთმენლად ველოდები იმ დროს, როცა ამ ფესტივალზე გამოვალ და ლიანას ჩრდილქვეშ დავუკრავ. ამ ადამიანის სახელი ხომ დიდი ხანია ბევრს ნიშნავს არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. ამას ისიც ემატება, რომ ბევრი წლის შემდეგ, პირველად დავუკრავთ ვახტანგ მაჭავარიანთან, ჩემს უფროს მეგობართან ერთად.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ასევე პირველად შევასრულებ გალინა უსტვოლსკაიას კონცერტს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საინტერესო და დასამახსოვრებელი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი.

ნინა ცაგარელი, ფესტივალის დირექტორი:

– წელს ისევ შენარჩუნდება ქალბატონი ლიანა ისაკაძის ფესტივალის უნიკალური ფორმატი და სულისკვეთება, თუმცა იქნება ბევრი სიახლე იუბილესთან დაკავშირებით. დავგეგმოთ სასიამოვნო საღამოები კლასიკური მუსიკის თანხლებით (იღიმის).

პროგრამა იქნება ძალიან მრავალფეროვანი, გვეყოლება სოლისტები აშშ-დან, იტალიიდან, უნგრეთიდან. ფესტივალის საპატიო დირიჟორი იქნება ვახტანგ მაჭავარიანი, სოლისტი კი ალექსანდრე კორსანტია.

ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ თბილისის მერია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, პროექტი Check in Georgia, ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია ”არდი”, კომპანია „თელასი“, „ჯინო ფერედაისი“, ქართული ვისკი ”ჯიმშერი”, კომპანია ”სარაჯიშვილი”, ქართული უნიკალური ღვინო Georgian unique wine, „ედვაის ჯგუფი“, მოდის სახლი „მარიგოლდი“.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები: პირველი არხი, აჭარის ტელევიზია, რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“, „ივენთს ამბები.გე“, საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი, „ინტერნეტ მედია ჯგუფი“, „მედია გავრცელების სააგენტო კლიპ-არტი“, Awards.com.ge, ინგლისურენოვანი გაზეთები „Georgia Today“ და „The Georgian Messenger“, ვიდეო პორტალი ”My Video.GE”.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“. ბილეთები იყიდება საიტზე TKT.ge, ბათუმის ჩოგბურთის კორტების TKT.ge-ს სალაროში და თბილისში კონსერვატორიის დიდი დარბაზის სალაროში.

მუსიკალური ფესტივალის “ღამის სერენადების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელია თათა სადრაძე. ტელ: 599 09 49 27

"ღამის სერენადები" 10 წლისაა