Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გასაქრობად გაწირული ქართული კულტურა

27 ივნისი, 2018

გასაქრობად გაწირული ქართული კულტურაფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეერთების საფრთხეებზე საუბრობს:

“კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების სამინისტროს უერთებენ. როგორც ვნახე, ამას ძირითადად ორი არგუმენტით ამართლებენ:

1. კულტურის სამინისტრო საბჭოთა გადმონაშთია. იმ ეპოქაში ის ხელოვნების მუშაკთა კონტროლს ემსახურებოდა, დღეს კი უფუნქციოდაა. ამ არგუმენტის გამომთქმელს გავახსენებდი, რომ კულტურის სამინისტრო, ვთქვათ, სრულიად “არასაბჭოთა” საფრანგეთსაც აქვს და მისი არსებობა “არასაბჭოთა” ეპოქაში, პირველ რიგში, მოკლედ რომ ვთქვა, გლობალურ სამყაროში ადგილობრივი კულტურების შენარჩუნებისა და გლობალურ პროცესებთან სრულფასოვანი ადაპტაციის საქმეს უნდა ემსახურებოდეს. როდესაც კულტურის მატარებელი მცირე ერია და შენ მას მთლიანად ე.წ. კულტურის საერთაშორისო ბაზარს გადასცემ, გასაქრობად გაგიწირავს. თანაც ეს ხდება ქვეყანაში, სადაც მეცენატობის ტრადიცია სუსტია.

2. კულტურაცა და სპორტიც, თურმე განათლების ასპექტებია. ამ არგუმენტის ავტორს, როგორც ჩანს, არ ესმის განათლების სახელმწიფო სისტემის მნიშვნელობა და სკოლაში მიღებულ ცოდნასა და გამოფენაზე, კონცერტზე თუ სპექტაკლზე მიღებულ განათლებას ერთმანეთთან აიგივებს. სხვა პრობლემაა, რამდენად დაეხმარება ეს შერწყმა თავად განათლების სამინისტროს, რომელსაც ისედაც ურთულესი და უმძიმესი ამოცანები აქვს გადასაწყვეტი.

ნამდვილად არა ვარ ოპტიმიზაციის წინააღმდეგი. არა ვარ წინააღმდეგი, რომ ამა თუ იმ სამინისტროს თანამშრომლების ოდენობა მაქსიმალურად შემცირდეს და სახელფასო დანამატები და პრემიები კანონით აიკრძალოს. შეიძლება ზოგი სამინისტროს გაუქმებაზეც წავიდეთ, მაგრამ ერთმანეთთან შერწყმა იმავე ლოგიკით, რა ლოგიკითაც თავის დროზე სპორტის სამინისტრო მიუერთეს კულტურისას (როგორც ჩანს, იდეის ავტორს კულტურა და ფიზკულტურა ნათესაური სფეროები ეგონა. არადა, ჯანდაცვასთან უფრო ახლოს უნდა იყოს), ნამდვილად არ შეიძლება.

ვიმეორებ, კულტურის სამინისტროს გაუქმება ჩვენისთანა მცირე და გლობალურ სამყაროში გაქრობის საშიშროების წინაშე მყოფი ხალხისათვის, უკეთეს შემთხვევაში, დაუფიქრებლობის შედეგია. ბოლო მომენტამდე მქონდა იმედი, რომ ეს არ მოხდებოდა.”