5 მაისი, 2018

ლექსები მაისზე

ლექსები მაისზეგალაკტიონ ტაბიძე:

დღეს მაისი ფერში ნაირ-ნაირშია,
თუ დრო არის, დროს ისევ შენ შეჰფერი.
და ვით ქრისტემ გალილეა აირჩია,
მე თბილისი ავირჩიე ბებერი.
მაგრამ ქრისტეს გოლგოთა ხვდა წილადა.
მე კი ჩვენი დამიფარავს მთაწმინდა.
მანდილი ჩანს ისევ იმ მანდილადა,
შხამსაც შევსვამ შენგნით მოწვდილ სასმითა.

 

გალაკტიონ ტაბიძე:

მაისმა ისევ მომიტანა ლაჟვარდი ზღვები,
მოგონებათა სიხარული და უხვი გრძნობა,
წამომყვა ზვირთის მშფოთარება და მზეთა დნობა,
თავს არასოდეს ისე არ ვგრძნობ, ვით გრძნობენ სხვები.
მე განვიცადე ოკეანე, შორი ყინული,
მათი სიმშვიდე, მათი ვრცელი აურზაური,
ჩემს სამშობლოშიც აღტაცებას ვგრძნობ მეზღვაური,
ისევ სიმშვიდის სიხარულით შემორკინული.

 

გალაკტიონ ტაბიძე:

პირველი მაისი,
პირველი მაისი,
პირველი მაისი
მოვიდა ამაყი:
წითელი ყაყაჩო
თუ იასამანი,
ხავერდის ვარდები
და თეთრი ზამბახი.
მეფეს კი, მეფეს კი –
ქარით და გრიგალით,
თითქო არავისა
და არარაისი –
ციხეში, ბორკილში,
შიმშილში, ომებში
სურს ჩაკლას მუშათა
პირველი მაისი.
დრო მოვა და ისევ
პროლეტარიატი
მაისის ვარდებით
სიცოცხლეს აივსებს.
სალამი იმ დღეებს,
სალამი იმ ბრძოლებს,
იმ ნათელ გაწევას,
იმ პირველ მაისებს!

 

ტიციან ტაბიძე:

….მაისი ყველგან არის მაისი,
მაგრამ ბათუმში მაინც სხვა არი,
და ვხვდები ახლა, რომ სილამაზეს
აღარ ჰქონია ქვეყნად საზღვარი.

ზღვა ისე იყო მშვიდი და წყნარი,
რომ აღარც მახსოვს, იყო თუ არა!
ერთად გააღო ცამ შვიდი კარი
და ზღვას სარტყელად გადაუარა.

თეთრ ზამბახების დგანან ფარდები,
გააქვთ შრიალი პალმების ქოლგებს,
და ისე ყრია თეთრი ვარდები,
თითქო ათასი აქ გედი მოკლეს.

გაღებულია სამოთხის კარი
და მე მრცხვენია, რომ ვარ უშენოდ,
ალბათ ყოფილა წყევლა ამგვარი:
მივცეთ პოეტებს სამშობლო მხარე

ულამაზესი – ედემის დარი,
მხოლოდ ქალები გადავუშენოთ.
გაღებულია სამოთხის კარი
და მე მრცხვენია, რომ ვარ უშენოდ!

 

კოლაუ ნადირაძე:

მაისი თავსა დაგვსხმია
ჭექა-ქუხილით, თქეშით,
თავზედაც გადაამსხვრია
ზამთარს ყინული მთებში.

ბაღებს ღიმილით ჩახედა,
მინდვრებს უმღერა ნანა,
რარიგად გაათავხედა
ეგ მობიბინე ყანა!

ნეტავ რა ჯადო იხმარა,
ან რა თილისმა მწველი,
რომ ერთი ფუნჯი იკმარა,
მწვანედ შეღება ველი?!

ეს ჯადოქარი მზიანი,
სიმღერით ახრჩობს შაშვებს,
ნაზი და ალერსიანი
თმას უხუჭუჭებს ბავშვებს.

მინდვრებს ტოროლას აუფრენს,
უსიმღეროდაც ვერ ძლებს,
ბუდეში ბუმბულს ჩაუფენს
ახლადმოფრენილ მერცხლებს.

ხან აფენს მთას აყვავებულს
მთვარით მოქარგულ საბანს,
ხან ფოთლებს აშრიალებულს
ცივი ცვარ-ნამით დაბანს.

დაეხეტება, არ მალავს
ლამაზ და შიშველ წვივებს,
თან დაატარებს ამალად
მოთბო, ჟუჟუნა წვიმებს.