Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ეროსი მანჯგალაძე – დაუვიწყარი მსახიობი

3 მარტი, 2018
ეროსი მანჯგალაძეკითხვები წარსულიდან – ასე უწოდა კითხვარს თეატრმცოდნე ვასილ კიკნაძემ, რომელმაც რამდენიმე კითხვით მიმართა რეჟისორებს, მსახიობებსა და თეატრმცოდნეებს.
ამ კითხვარზე გაცემულ პასუხებში ეროსი მანჯგალაძე სულ სხვანაირად წარმოჩინდა.
1. როდის შეხვდით ეროსი მანჯგალაძეს?
2. რა უყვარდა ადამიანში ყველაზე მეტად? ა) ხელოვნებაში?
3. როგორ ატარებდა დროს მარტოობის ჟამს?
4. ჰქონდა თუ არა ისეთი სულიერი ტკივილი, რომელსაც ის ფარავდა?
5. ყველაზე დამახასიათებელი თვისებები?
6. თუ გიჩხუბიათ, ან მძაფრად გიკამათიათ? ა) რაზე?
7. რა სწყინდა ყველაზე მეტად?
8. კურიოზული შემთხვევა თუ გახსოვთ?
9. ვისი სიკვდილი განიცადა ყველაზე მეტად?
10. რა გხიბლავდათ მასთან ურთიერთობაში?
11. რომელი როლი მიგაჩნიათ მისი შემოქმედების მწვერვალად? ა) ჩავარდნად?
12. სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში როდის შეხვდით? ა) რა გითხრათ? ბ) რას აკეთებდა?
ვასილ კიკნაძის კითხვარს რეჟისორმა მიხეილ თუმანიშვილმა ასე უპასუხა:
1. ვნახე მისაღებ გამოცდებზე. ეროსი იყო ჩემი პირველი ასისტენტი, როცა მისაღებ გამოცდებზე დავდგი “ვაგზალი” და იქ თამაშობდა ეროსი მგზავრს.
2. პატიოსნება – ცხოვრებაში, სიმართლე – ხელოვნებაში. სიკეთე. მარტო ცხოვრობდა. ჰყავდა პატარა ძაღლი ტანგო.
3. ეძახდა მეგობრებს, აკეთებდა თვითონ კატლეტებს და მიირთმევდა: ამხანაგები თავისთვის ქეიფობდნენ ლოჯში. კვირაობით ყოველთვის მიდიოდა სტუმრად დასთან, მიჰქონდა საჩუქრები დისშვილებისთვის. ეს იყო ყოველი კვირის რიტუალი.
4. ის ცდილობდა, მაგრამ ვერ ფარავდა. ძალიან მარტოხელა იყო, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი თაყვანისმცემელი და მეგობარი ჰყავდა. ამიტომ ჰყავდა ტანგო, დიდი “ქელეხი” გადაიხადა ტანგოს დასაფლავების გამო.
5. ძალიან საყვარელი კაცი იყო – ვინც უყვარდა იმასთან. ვისაც ვერ იტანდა, იმას სპობდა. მუშა კაცი იყო, როლზე მუშაობისას არ დალევდა წვეთსაც.
6. ერთხელ “ფილოსოფიის დოქტორის” დროს მთელი რეპეტიციის დროს პარტერიდან ვუყვიროდი მსახიობებს. ბოლოს რამპაზე მოვიდა და მიყვირა: – შენ, რა, გენერალი ხარ? თუ გენერალი ხარ, ჯარში წადი, აქ რა გინდა!
7. ორპირობა.
8. ერთხელ “ესმერალდას” სპექტაკლის დროს გამოირთო შუქი, გაისუსნენ სცენაზე მსახიობები და დარბაზში მაყურებლები. ამ სიჩუმეში ვანიჩკა საყვარელიძე ეუბნება: – განვაგრძოთ, განვაგრძოთო. ეროსი ჩუმად პასუხობს: – “რადიო ხარ, შე შობელძაღლო”, – დარბაზში ტაში იყო.
9. შიში ჰქონდა მიცვალებულების. არ უყვარდა საპანაშვიდო სიტუაცია.
10. უბრალოდ მიყვარდა მისი ერთგულება.
11. შეიძლება ვცდები, მაგრამ მე მგონია, ეს არის: ლოპესი, ბოცო, ფანტიაშვილი, გვადი ბიგვა. ჩავარდნები ჰქონდა, როგორც ყველა ნორმალურ არტისტს.
12. სიკვდილის წინ რომ ვკითხე, როგორა ხარ ეროსი! – მითხრა, – ბრონხიტი მაქვს, თუ რაღაც აქ, – და დაიდო ხელი გულის ფიცარზე. მე, როგორც ყოველთვის ვნერვიულობდი, რომ რაღაც თეატრში არ მაქვს საქმე კარგად-მეთქი. ის მეუბნებოდა, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო. სიკვდილის ჟამს რომ მივვარდი, უკვე დაგვიანებული იყო.
უყვარდა ბიბლიოთეკაში სიარული და სათავგადასავლო ლიტერატურის, დეტექტივების კითხვა.