Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ბორის წიფურია – მსახიობის ისტორია, რომელიც გაგამხიარულებთ

11 მარტი, 2018

ბორის წიფურია მსახიობი ბორის წიფურია თავისი ენაკვიმატობით და სასაცილო ისტორიებით მთელ საქართველოში იყო ცნობილი. ისტორია, რომელიც ბორის წიფურიას გადახდა, მხატვარმა ბესიკ დუღაშვილმა გაიხსენა:

“ნამდვილი ამბავია…

საკუთარი ყურით ბორის წიფურიასგან მოსმენილი.

ერთხელ თბილისში ჩამოსულა რომელიღაც ემირი. ემირს ძალიან ყვარებია ნადირობა და ქართველებისგან მიუღია პირობა, რომ აუცილებლად წაიყვანდნენ სანადიროდ დათვზე. მოკლედ დაფაცურნდენ მასპინძლები, უნდათ რომ ემირს ასიამოვნონ. ფიქრობენ სად უნდა წაიყვანონ ისეთ ადგილას რომ, თან ახლოს იყოს თბილისთან და თან ნანადირევის გარეშეც არ ჩაიაროს ნადირობამ და მოიფიქრეს რომ, მისულიყვნენ ბორის წიფურიასთან (წიფურია მაშინ ცირკის დირექტორი იყო) რადაც არ უნდა დაჯდომოდათ გამოესყიდათ დათვი ცირკიდან, შემდეგ დაახლოებით კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაეშვათ და წინასწარ ჩასაფრებული, ემირისკენ გაედევნათ.

ბორის წიფურიას რომ აუხსნეს, – თქვენ ხომ არ გაგიჟდითო? – უარზე იყო. მაგრამ დიდი ხვეწნის შემდეგ დაიყოლიეს.

მოკლედ, ყველაფერი გეგმის მიხედვით გააკეთეს. დათვი გაუშვეს, ემირი ჩასვეს „ნომერში“ და არიან მომზადებულები. ამ დათვს უბოდიალია აქეთ-იქით, შეხვედრია ვიღაც ველოსიპედიანი ბიჭი, ამ ბიჭს რომ დაუნახავს დათვი შეშინებულა, მიუგდია ველოსიპედი და გაქცეულა.

წარმოიდგინეთ ემირის რეაქცია, როდესაც შესძახეს თქვენსკენ წამოვიდაო, ელოდება მურა დათვს, ველურს, გამხეცებულს და ამ დროს ხედავს, რომ დათვი ზის ველოსიპედზე და მოდის ჭრიჭინ-ჭრიჭინით.

როგორც ამბობდნენ, ემირი 2 თვე ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსებს გადიოდა ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით.”