Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გურამ დოჩანაშვილი: “სამი რამ უნდა ჰქონდეს ქალს კარგი”

18 იანვარი, 2018

გურამ დოჩანაშვილისაკმარისია ვთქვათ “სამოსელი პირველი”, რომ ყველას მაშინვე თანამედროვეობის კლასიკოსი მწერალი გურამ დოჩანაშვილი ახსენდება.

“არტინფო” გთავაზობთ ნაწყვეტს ნაწარმოებიდან, რომელიც ნამდვილი ქალის პორტრეტს აღწერს:

”- რა უნდა ჰქონდეს ქალს კარგი?
– ქალს? – სამი რამ უნდა ჰქონდეს კარგი – ხასიათი, ტან-ფეხი და სახე.
– რაღა ახლა მოგინდა სიმარტივე? – თუმცაღა სწორი კია…
– ეგრე თუა, უფრო მარტივად უნდა გეთქვათ.
– როგორ მაინც?
– როგორ და: ხასიათი და გარეგნობა. თუმცა “ტან-ფეხი” გარეგნობაზე მოკლე სიტყვაა… ასოების მხრივ… უი, ჰო, სახე როგორ დამავიწყდა?
– მაშინ თქვენ სცადეთ…
– ნამდვილ ქალს… მისი გამოჩენიდან დავიწყებ, კარგი… ნამდვილი ქალი ფეხაკრეფით უნდა დაიარებოდეს… ოღონდ უნებურად.
– ფეხაკრეფით?
– კი. როგორც დევნილი… ან, მდევარი.
– და როცა მოვა, – როდესაც მოვა და შემოგხედავს, რაღაცას მაშინვე უნდა მიგახვედროს – დუმილის დროსაც რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი.
– ეს როგორ…
– ზურგიდანაც რომ აათვალიერო, მაინც უნდა მიხვდე – მხარი, კისერი, ნამდვილი ქალის წელი, ხელები, მუდამ ამბობენ…
– რას ამბობენ…
– არ იცი ის შენ… და თუ პირისპირ დგას და გიყურებს, მაშინ… ო, მაშინ…
– თვალებით ყველაფრის თქმა უნდა შეეძლოს, ყველაფერს მიგანიშნებს, და რაც მთავარია, უნდიხარ შენ თუ არა…
– სახის ჩრდილები, – ყველაფერსა აქვს თავისი ჩრდილი, – შუბლს, თმას, ცხვირს, ტუჩებს…
– ქალი საჭიროების შემთხვევაში უნდა იყოს თავაზიანად მოსაუბრე და სასიამოვნო მსმენელი, და რაღა თქმა უნდა, სასარგებლო კერძებსაც ამაღლებული შექების ღირსად უნდა ამზადებდეს.
– არა, მაინც რა უბედური გამოთქმა იყო – ტან-ფეხი…
– თქვენ ბრძანეთ უკეთ, ჩვენ მოსმენაც კი შეგვიძლია მოთმენით, დიახ, უკიდურესი აუცილებლობის გამონაკლის შემთხვევებში.
– ! – ეს ერთადერთია, როცა ვიბნევი, – არ შემიძლია…
– რატომ?
– რატომ და მას არ ძალუძს სიტყვით მოიაროს ქალის კარგი სხეულის ღირშესანიშნავი ადგილები.
– არა, არა, მაგიტომ არა…
– აბა რატომ?
– რატომ და ვიბნევი, – თავიდან რომელს მივადგე, რომელი ერთი…
– აი, თუნდაც ხელისგული…
– ნამდვილი ქალის ხელი აიღეთ, ვიწრო ხელისგულს დახედეთ და ნაზ, მშრალ ხაზებს დიდხანს უცქირეთ… მერე ფრთხილად ჩამოაყოლეთ სამი თითი და თვალებში შეხედეთ – მაშინ მიხვდებით, ნამდვილი ქალი თუა… ანდა, საკუთარი ხელისგული დაადეთ და მაშინვე რაღაცას იგრძნობთ – რაღაც შორეულს, რაღაც ბუნდოვანს, ყოველთვის გეტყვით ქალის ხელისგული… და თუ უყვარხართ, თუ უყვარხართ, მაშინ მხარზედაც, ჩაცმულსაც კი რომ დაგადოს ის ნაზი ხელი…
– ხელისგული, ხელისგული, – გაბრაზდა დუილიო, – დიდი ამბავი…
– ეჰ… – ხელი ჩაიქნია ალექსანდრომ.”