Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ეკლესია ზემო რაჭაში, სადაც ასვლა ვერავის გაუბედია

28 იანვარი, 2018

ბოყვათის ეკლესიასაქართველოში მრავლადაა ეკლესია-მონასტრები, რომლებიც მიუდგომელ ადგილებშია და იქ ასვლა სირთულეს წარმოადგენს.

ერთ-ერთი ასეთი ეკლესია ზემო რაჭის ორი სოფლის – ქორთას და ბოყვას საზღვარზე აღმართულ კლდეშია აგებული. ეს პატარა ეკლესია ადგილობრივების ინფორმაციით, თამარ დედოფალს აუგია და ხალხი “დედოფლის საყდარს” უწოდებს.

აი, რას წერდა უცნობი ეკლესიის შესახებ 1890 წლის 6 სექტემბრის ”ივერია”:

“სოფელ ბოყვასთან, მაღალ კლდეზე მდებარე ეკლესიასთან მისასვლელი კიბის გაკეთება

ზემო რაჭის ორი სოფლის, ქორთას და ბოყვას საზღვარზე არის გეზად აღმათული კლდე, რომლის სიმაღლე სამოც საჟენამდე იქნება, სიგანე კი ბევრად მეტია, შუა ადგილს ამ კლდეში მოსჩანს პატარა ეკლესია თავის გალავანით, საყდარი ისეთ სიმაღლეზეა კლდეში გამოშენებული, რომ იქ შესვლა ქვემოდან ან ზემოდან ყოვლად შეუძლებელია, ამიტომ ზემოხსენებულ სოფლებში არავის არ ახსოვს, რომ ვინმე შესულიყოს საყდარში და გაეგოს, რა ინახება იქ.

ეს ეკლესია, აქაურ მკვიდრთა სიტყვით აუშენებია თამარ დედოფალს და უწოდებს ხალხი ,,დედოფლის საყდარს”. ბევრ ცნობისმოყვარეს მოუწადინებია იქ შესვლა, მაგრამ ვერ მოუხერხებია, რადგან უკიბოთ ასვლა შეუძლებელია და იმოდენა კიბის გაკეთება კი ვერავის გაუბედნია. ცნობისმოყვარეობას ისევ სიზმარმა და შიშმა აჯობა ერთ ბოყველ გლეხს, ეს ორი წელიწადია ესიზმრებოდა თურმე, რომ ეკლესიაში ერთი წმინდანია ოქროს საბანი ჰხურავს, მუდამ ეუბნებოდა ეს წმინდანი გლეხს, “რატომ არ მოდიხარ გინდა დაგაბრმავო?!”

სიზმარმა იმოქმედა გლეხზე, იგი თავის ხარჯებით სამი თვეა აშენებს კლდეზე ხარაჩოს, ანუ კიბეს ეკლესიაში ასასვლელად, ნახევარ სიმაღლეზე უკვე გაკეთებულია კიბე, შემოდგომაზე დაასრულებს და პოლიციის თანდასწრებით ავა საყდარში. სასურველია ვინმე მცოდნე კაცი დაესწრებოდეს, რომ თუ რამე იქნება გაისინჯოს და არ დაიკარგოს ქვეყნისთვის.”