მწერალი და პოეტი აკაკი წერეთელი სიმართლის მოყვარული იყო და ყოველთვის ამხელდა ქართველების იმ სუსტ მხარეებს, რომლებსაც თანამემამულეები არ ითვალისწინებდნენ.
აკაკი წერეთელი:
“შეუცდომელი მხოლოდ ღმერთია და ადამიანის თავზე-კი შეუცდომლობა გარდუალია! მაგრამ გულწრფელი და გონიერი კაცი რომ გამოიცდება, ჭკუას ისწავლის და აღარ გაიმეორებს შეცდომას.
ჯორი რომ ზამთარში ტალახში სადმე ჩაეფლობა, ზაფხულში რომ იმ ადგილს დაინახავს, გინდ მტვერიც ადიოდეს, მაინც გვერდს აუხვევს. და ჩვენ კი დღევანდელ ქართველებს ამის შნოც აღარა გვაქვს: პერიოდულად ვიმეორებთ ერთსა და იმავე შეცდომასა.
ჩვენდა თავად აღარ გვაგონდება, ანუ აღარ გვინდა რომ გავიხსენოთ ის ჩვენი დამნაშავეობა და თუ სხვამ ვინმემ გვამხილა და ფრთხილება დაგვიწყო, მტრად გადავეკიდებით და თანაც უტიფროდ გავიძახით: “არა, ეს სულ ტყუილია, ჩვენ მაგგვარი რამ არ ჩაგვიდენია!… ნუ დაიჯერებთო!”