Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ტარიელ ხარხელაურის ყველაზე გამორჩეული ლექსი

25 დეკემბერი, 2017

ტარიელ ხარხელაურის ყველაზე გამორჩეული ლექსი25 დეკემბერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა.

ზუსტად 40 წლის წინ მისმა უწმინდესობამ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქობა იტვირთა და სვეტიცხოვლის ტაძარში ახალი პატრიარქის აღსაყდრება შესრულდა.

ამ დღეს თავისი ლექსით გამოეხმაურა პოეტი ტარიელ ხარხელაური და ლექსი მიუძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს:

“ბრძანე, მოძღვარო, გონებავ ერის,
უნდა ვდუმდეთ და უნდა ვიფრთხილოთ?
სულებს გვირყვნის და გვიწამლავს მტერი,
ვითმინოთ?!
როცა ჩვენს თვალწინ წმინდანებს
რყვნიან,
უწმინდეს შუბლებს ფურთხით ბილწავენ,
თუ შენთვის მკერდს არ მივუშვერ ტყვიას,
სამშობლოვ, ხატად რისთვის გიწამე.
ბრძანე, მოძღვარო, დღეს ერის გული
შენს გონებაზე მიბმული ფეთქავს.
ბრძანე, მოძღვარო, გაიმცვრა სული,
დაავადა შიშმა და კეთრმა.
ბრძანე, მოძღვარო, ნათელს, ისეც მწირს
შემოაძარცვეს კალთა ქარებმა,
ბრძანე, მოძღვარო, სისხლი სისხლის წილ,
დავუდოთ ზღვარი ამ მოკრძალებას!
თორემ სამშობლოს თავზე გვაქცევენ,
სამშობლოს ჩვენსას – უფლის მშვენებას,
აღარ უშველის მერე არც ცრემლი
ჩვენს აღდგომას და აღმოცენებას.
ბრძანე, მოძღვარო, ვგავარ საძვალეს
და ყველა ნერვი არის გამწყდარი,
მოძღვარო, დროშა გამოაბრძანე,
საქართველოსთვის ლოცვით დაგვძარი!
ბრძანე, ბრძენკაცო, ჯერ კიდევ დროა,
ვიდრე ძარღვებში სისხლი მოძრაობს,
ვიდრემდის ცრემლებს სისიხლის გემო აქვთ,
ვიდრე სიკვდილი გვილხინს, მოძღვარო!
ვიდრე ქართულ ჯიშს აქცევენ არცრად,
გადაუჭერენ მკერდზე არტახებს,
მთლად ეს სამყარო ქცეულა ნაცრად,
თუ საქართველო ამიპარტახეს.”