24 დეკემბერი, 2017

დათო ტურაშვილი მეტ განათლებას ითხოვს

მწერალი დათო ტურაშვილი ქვეყანაში მეტ განათლებას ითხოვს და სწორედ განათლების ნაკლებობით ხსნის საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს:

“კრიმინალთან ბრძოლას სჭირდება განათლება, გონიერება, ლოგიკა და არა რეიდები. ფაქტია, რომ დღეს პოლიციაში არის უამრავი არაპროფესიონალი, არაკვალიფიციური, სრულიად გაუნათლებელი ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ადამიანის უფლებები.

არშემდგარ ძველ ბიჭებს იღებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც დაჩაგრონ, ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენონ. ამის მსხვერპლია ზვიად რატიანი. ზვიად რატიანი სცემეს, შეურაცხყოფა მიაყენეს მხოლოდ იმის გამო, რომ იყო ადვილად დასაჩაგრი, ისეთი ფერის ქურთუკი ეცვა. ეს არის ჩვენთვის მიუღებელი, ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც პოლიცია სანადიროდ ჰყავთ გამოშვებული. ჩვენ გვეგონა, დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს ჩავაბარეთ წარსულს.

სამწუხაროდ, მერამდენე ხელისუფლება გამოვიცვალეთ და ვერ მოვახერხეთ, რომ ხელისუფლებაში აღმოჩნდნენ ჭკვიანი ადამიანი, მიიღონ ეს გადაწყვეტილება, რომ გაემიჯნონ საბჭოურ წარსულს. კრიმინალთან ბრძოლას კრიმინალური გზებით არ მოაქვს არანაირი შედეგი. როცა პოლიციელი არის არშემდგარი ძველი ბიჭი, ის საშიშია საზოგადოებისთვის.

გამორიცხულია, ჩვენ შევქმნათ თანამედროვე სახელმწიფო იქ, სადაც ადამიანი იჩაგრება. სრულიად ფუჭია მცდელობა ხელისუფლების, რომ გვაჩვენონ ფირები გინებისა. დიახ, ამ ქვეყანაში ყველა იგინება, მათ შორის ზვიად რატიანიც, ეს არ არის საკმარისი საფუძველი, რომ რამდენიმე პოლიციელმა სცემოს ზვიად რატიანი ან საქართველოს სხვა მოქალაქე.”