11 ნოემბერი, 2017

“ნუ ვიტყუებით!”

აცხადებს ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია და ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილეს ეხმაურება:

“ილია – ჩვენი თანამედროვე” – ასეთი სათაურით აღვნიშნავთ ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წელს. მესმის რისი თქმაც სურდათ, რომ ილია უბერებელია. დრო არ ეკარება. რას ამბობთ! დავდეთ პატივი? მაგრამ ჩვენ ვართ უკვე ის საზოგადოება, რომელსაც შეუძლია ასეთ თამასაზე დადგეს, თანამედროვეობა მოუწონოს ჭავჭავაძეს? მივაღწიეთ ნამდვილ ტოლერანტობას? შევქმენით საზოგადოება, რომლისთვისაც ცოდნა, განათლება, აზროვნება, ღია და რაციონალური მსჯელობა არის უპირველესი? შევქმენით ისეთი მმართველობა, რომელიც გუბერნიის აზროვნების, ფობიების, სტერეოტიპების ჩიხიდან და კულტურის კრიზისიდან გამოიყვანდა სახელმწიფოს?

სახელმწიფო… ვართ საზოგადოება, რომელიც იღებს საკუთარ თავზე საკუთარი აწმყოსა და მომავლის ტვირთს? სად არის საზოგადოება და მედია, რომელიც ეძებს კრიტიკულ აზრს? ვართ საზოგადოება, რომელიც აზროვნების და თვითგამოხატვის თავისუფლებას არ ღალატობს? ითხოვს?

საერთდ არ მაქვს განცდა, რომ ილიას სწორ და თანამედროვე საზოგადოებას წარმოვადგენ. საერთოდ არ მაქვს განცდა, რომ ის ვარ, ვინც სურდა. ბევრი არც არაფერი შეცვლილა. საერთოდ არ მაქვს განცდა, რომ რამე ვიცით მის შესახებ. არ მჯერა, რომ გვიყვარს და გვეამაყება. როგორ შეიძლება ამაყობდე იმით, რაც ან არ იცი, ანდა პატივს არ სცემ, იმდენად არ ითვალისწინებ.

როცა ლიბერალურ ფასეულობებს ლანძღავთ, ყოველთვის ლანძღავთ ჭავჭავაძეს. როცა ქართველობაზე მსჯელობთ საშინელი, სასტიკი და ვერაგულ/პრიმიტიული სტერეოტიპებით მომარჯვებულები, ილიას წინააღმდეგ ხართ. როცა ავარჯიშებთ კუნთებს, მიტაცებულ გავლენას და არა გონებას, არა თანაგრძნობას, მის წინააღმდეგ ხართ. როცა ყიდით საზოგადოების და ადამიანების კეთილდღეობის გარანტიას, ვისიმე ან თქვენი პირადი ინტერესების ან საფულის მოცულობის გაზრდის მიზნით, მის წინააღმდეგ ხართ.

როცა გავიწყდებათ მოქალაქის და საზოგადოების ცნება და მათ განვითარების შანსს უქრობთ, მაშინაც ილიას მტრები ხართ. როცა კონფორმიზმს არჩევ, კომფორტის სანაცვლოდ, მაშინაც… მაგრამ იუბილე! ჰო! სადღეგრძელოების დროა. ძეგლების დადგმის დრო. შეჯიბრის, ვინ უფრო ლამაზ სიტყვას იტყვის ან დაწერს.

პ.ს. განა იმიტომ ვჩხუბობ, ილიას სასურველი სახელმწიფო რატომ ვერ შევქმენით-მეთქი აქამდე. არა. ილიას მერე, კიდევ უფრო გაგვიჭირდა… უბრალოდ, ნუ ვიტყუებით ახლა. აუტანელია ამდენი ტყუილი და ფარისევლობა. ვაღიაროთ ის, რაც ვართ. დავინახოთ ისტორიულ-პოლიტიკურ-კულტურული ადგილი, სადაც ვართ. ვცადოთ ანალიზი. პათეთიკის და ზღაპრების გარეშე ვისაუბროთ სინამდვილეზე. უფრო გამოგვადგება.”