ტარიელ ხარხელაურის აღსარება მეუღლეს

პოეტ ტარიელ ხარხელაურის ლექსები მკითხველში დიდი პოპულარობით და მოწონებით სარგებლობს, რადგან თითოეული მათგანი გულიდან ამოსული მართალი სიტყვებით და სიყვარულით არის დაწერილი.

ლექსი “აღსარება მეუღლეს” კი პოეტის ლექსებში ნამდვილად გამორჩეულია:

“მარინა!
ბორგვა და შფოთვა მოაქვთ ქარებს,
მთებში არწივების ყივილია,
ცისფერი სიკვდილი მოამთქნარებს –
ცისფერი სიკვდილი სულში ტკივილია.
ჩემო წუხილო და სალოცავო,
ჭერი ვერ დაგხურე ვარსკვლავების,
მუხაზე მიამბობდი – ჩამოწვაო,
ჩემი საწამებლით გაწამებდი.
ვწუხვარ – ტკივილისთვის გაგიმეტე,
დიდი უსაშველო ტკივილისთვის,
იქნებ დავიხარჯე უფრო მეტად,
ობლად ამოზრდილი გვირილისთვის.
მარინა!
საწუთრო როგორ მეიოლა,
ახლა ნისლებს ვუფენ ამ იარებს,
ბევრჯერ დავმარცხდი და
დავთმე ბრძოლა,
ბევრჯერ ხანჯლის პირზე გავიარე…
დავთმე, რაც არ იყო დასათმობი,
ბევრჯერ სამშობლოსაც ვუღალატე.
ახლა ჯავრი მშლის და
ჯავრი მამტვრევს,
ვერ შევძელ დამხობა დასამხობის.
მარინა!
დაღლილი და დაშაშრული
ისევ შენს ჩეროს შემაფარე,
ისევ მომანატრე გაზაფხული –
სიცოცხლე ისევ შემაყვარე,
თორემ ძაანა ვარ დაბინდული,
მზე ჩემს ბნელ სხეულს
ვეღარ ანთებს,
მე ვარ მამულივით გაყიდული
და ჩამოღვენთილს ვგავარ სანთელს.
მარინა!
ბორგვა და შფოთვა მოაქვთ ქარებს,
მთებში არწივების ყივილია,
ცისფერი სიკვდილი მოამთქნარებს,
ცისფერი სიკვდილი –
სულში ტკივილია.”