Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“დროა დავასრულოთ ეპოქა ამაშუკელის, კიკნაძის, ბადურაშვილის თუ სიხარულიძის დემაგოგიისა!”

7 სექტემბერი, 2017

"დროა დავასრულოთ ეპოქა ამაშუკელის, კიკნაძის, ბადურაშვილის თუ სიხარულიძის დემაგოგიისა!"აცხადებს უცხოეთში მცხოვრები ქართველი ნუგზარ სულაშვილი და მიაჩნია, რომ დროა, ასპარეზი მომავალ თაობებს დაეთმოთ:

“ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან?

ვინ და თაობა, რომელიც დაამსხვრევს დრომოჭმულ სტერეოტიპებს. თაობა, რომელიც ახლა, ამ წუთას ზის ინტერნეტთან და ეცნობა მსოფლიოს თანამედროვე ღირებულებებს.

თაობა, რომელიც დუმილით აკვირდება მამების მიერ არაერთხელ დაშვებულ შეცდომას და ემზადება ამბოხისთვის.

თქვენ მათ ვერ უკარნახებთ თამაშის წესებს. ვერ გააბითურებთ იაფასიანი პოლიტიკანობით, რადგან სიტყვა-სიტყვით იციან, თუ რომელი ფრაზები ამოგლიჯეთ ბიბლიას შარავანდედის მოსარგებად.
ეს ის თაობაა, რომელიც პოსტქრისტიანულ საზოგადოებაში ერთმანეთისგან გამიჯნავს ეკლესია და სახელმწიფოს, რომ არ შეიზღუდოს მათი თვითშემოქმედებითი განვითარება.

ვეღარავინ აღუდგება წინ თვითკრიტიკულობის პოზიციას და არც პირს გაგიღებენ ბურთის ჩასაჩრელად, რადგან ეს არის თაობა, რომელიც სწავლობს ლიბერალიზმის ღირებულებებს, რომელიც ჩემმა თაობამ სალანძღავ სიტყვად აქცია. მათ უკვე შესანიშნავად იციან, რომ ლიბერალიზმი არის პიროვნებებისგან შემდგარი სახელმწიფო, სადაც არსებობს თანაბარი წვდომა ყოველი სიკეთისადმი, რომ ეს არის სოლიდარობა თანამოქალაქეებისადმი და პირველ რიგში სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც არ გააჩნია ჩვენს თაობას.

ჩვენ, მათ ვეღარასოდეს მოვატყუებთ ღმერთით, რადგან მათ უკვე შესანიშნავად იციან, რომ ის არ არის წარღვნა, ცუნამი, მიწისძვრა და ხანძარი. მათთვის ღმერთი სიყვარული, თავისუფლება და თვითგანვითარებაა.

ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან?

ვინ და ჩვენი შვილების თაობა, თაობა, რომელსაც უნდა მოვუხადოთ ბოდიში ყველა შეცდომისთვის და დავულოცოთ გზა სამშობლოს გადასარჩენად!

დროა დავსრულოთ ეპოქა ამაშუკელის, დოლიძის, კიკნაძის, ბადურაშვილის, სიხარულიძის თუ სტურუას დემაგოგიისა!”