Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თამაზ ვაშაკიძეს ციხე ემუქრება

9 აგვისტო, 2017

თამაზ ვაშაკიძეს ციხე ემუქრებაეკატერინბურგის ოპერისა და ბალეტის თეატრის ქორეოგრაფს თამაზ ვაშაკიძეს ციხე ემუქრება. მას რუსეთში პოლიტდევნილის სტატუსი შეუჩერეს.

10 აგვისტოს ეკატერინბურგის სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, კანონიერია თუ არა, თამაზ ვაშაკიძისთვის პოლიტდევნილის სტატუსის შეწყვეტა.

ის საქართველოდან 12 წლის წინ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დევნის გამო წავიდა. როგორც თამაზ ვაშაკიძე აცხადებს, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, მას პატიმრობა ემუქრება. 2013 წელს საქართველოს პარლამენტმა მისი საქმე პოლიტიკურად ცნო, თუმცა აქამდე ეს საქმე განხილული არ არის.

თამაზ ვაშაკიძის დევნა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა 2004 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც მან უარი განაცხადა ქორეოგრაფიული სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლაზე. თამაზ ვაშაკიძის თქმით, ამ თანამდებობაზე მოსკოვიდან დაბრუნებული ნინო ანანიაშვილის კანდიდატურა მოიაზრებოდა. საბოლოოდ ვაშაკიძე თანამდებობიდან გადააყენეს კვალიფიკაციის არქონის მოტივით და მის ადგილას ნინო ანანიაშვილი დანიშნეს.

ქორეოგრაფი რუსეთში წავიდა და პოლიტიკური დევნილის სტატუსი 2008 წლის თებერვალში მიიღო. 2017 წლის მაისში რუსეთმა მას სტატუსის გაგრძელებაზე უარი უთხრა. ამის მიზეზად ის დასახელდა, რომ საქართველოში მთავრობა შეიცვალა და მას საფთრხე აღარ ემუქრება. ამ ვერსიის თამაზ ვაშაკიძეს, რა თქმა უნდა, არ სჯერა და სთხოვს რუსეთის შესაბამის ორგანოებს, დევნილის სტატუსი დაუბრუნონ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მას დეპორტაცია ემუქრება და საქართველოში დაბრუნებისთანავე დააპატიმრებენ.

დევნილის სტატუსის შეჩერებისთანავე ეკატერინბურგის ოპერისა და ბალეტის თეატრმა თამაზ ვაშაკიძე ქორეოგრაფის თანამდებობიდან გაათავისუფლა. მან ეკატერინბურგის სასამართლოს საჩივრით უკვე მიმართა, რომ დევნილის სტატუსი დაუბრუნონ.