2 აგვისტო, 2017

პეტრას ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე უნიკალური მასალები აღმოაჩინეს

ისტორიული პეტრას ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე განახლებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად უნიკალური მასალები აღმოაჩინეს.

მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მასალიდან აღსანიშნავია რკინის საბრძოლო ცულები, სატევრები, შუბის პირები, ისრის პირები, მუზარადი, ჯაჭვის პერანგისა და ფარის ნაშთები, კერამიკული ნაწარმი და 95 ვერცხლის მონეტა. არქეოლოგიური მასალა VI საუკუნით თარიღდება.

აქვე აღმოჩნდა ადამიანის დამწვარი ძვლების ფრაგმენტები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მებრძოლები ციხის დაცვას შეეწირნენ.

კოშკის დაწვისა და დანგრევის შემდეგ, მისი აღდგენა აღარავის უცდია. სწორედ ამის გამო პეტრას ციხეზე VI საუკუნეში წარმოებული სასტიკი ბრძოლის შედეგები უცვლელად იქნა შემონახული.