ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია დაწესდა

ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია დაწესდა2017 წელს ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელთან დაკავშირებით საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ შვილობილი ორგანიზაციის „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ მიერ დაარსებული საპატიო ჯილდო „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების/ერის განვითარებაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის“ პირველად გაიცემა და სიმბოლურად სწორედ საიუბილეო წლიდან დაიწყებს ათვლას.

პრემია მოიცავს ილია ჭავჭავაძის სკულპტურას, რომელიც შექმნილია მოქანდაკე გია ჯაფარიძის მიერ და დიპლომს, ოფიციალურ დოკუმენტს. პრემია ყოველწლიური იქნება და იგი 12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს „ეროვნული იმპერატივის“ ყოველწლიური პროექტის „დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“ ფარგლებში გაიცემა.

ჯილდოს დაარსების მიზანია, მოახდინოს გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოებრივი ინიციატივების პრიორიტეტულობის და მათდამი ინტერესის ზრდა, სტიმულირება; საზოგადოების წინაშე გამორჩეული ღვაწლის მქონე წარმოამდგენელთა/ორგანიზაციათა პოპულარიზაცია, წახალისება და სტიმულის მინიჭება; სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან ეროვნული, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის მოტივაციის ამაღლება; ილია ჭავჭავაძის ფიგურის აქცენტირება დღევანდელ/თანამედროვე საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სოციო-კულტურულ პროცესებში.

პრემიის წესდების შესაბამისად, შეიქმნა ჯილდოს მინიჭების განმხილველი და გადაწყვეტილების მიმღები სარეკომენდაციო საბჭო, რომელიც გამოავლენს ჯილდოს წლის ლაურეატს. სარეკომენდაციო საბჭო 9 პირისაგან შედგება და მასში გაერთიანებული არიან საზოგადოების წარმომადგენლები, რომელებიც სარგებლობენ ნდობითა და ავტორიტეტით. სარეკომენდაციო საბჭოს წევრები არიან მამა გიორგი ზვიადაძე – ქართული მართმადიდებლური ეკლესიის პროტოპრესვიტერი; ლია სტურუა – პოეტი; გურამ დოჩანაშვილი – მწერალი; ნინო ზაუტაშვილი – სოციალური მედია-პროდიუსერი, ტელეწამყვანი; დიმიტრი შველიძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; კონსტანტინე გამსახურდია – დიპლომატი, პოლიტიკოსი; გოგი ხოშტარია – ხელოვნებათმცოდნე; ივანე ამირხანაშვილი – კრიტიკოსი, ლიტერატორი; გიორგი სავანელი – რეჟისორი, ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის კანცლერი.

წლევანდელი ჯილდოს მფლობელის გამოსავლენად სარეკომენდაციო საბჭოს შეკრება და სამუშაო შეხვედრა 27 ივლისს გაიმართება, ლაურეატის ვინაობა კი 12 სექტემბერს საჯარო დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.