Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“არალეგალური კოსმონავტიკა” საგურამოში

14 ივლისი, 2017

"არალეგალური კოსმონავტიკა" საგურამოშისაგურამოში კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში უჩვეულო და საინტერესო გამოფენა “არალეგალური კოსმონავტიკა” მიმდინარეობს.

ფრაზა “არალეგალური კოსმონავტიკა” ქართველმა მუსიკოსმა და მწერალმა, ზურა ჯიშკარიანმა პირველად 2008 წელს, ამავე სახელწოდების ტექსტში გამოიყენა, სადაც პოსტსაბჭოთა თაობაზე წერდა:

“ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ. ყველაზე მიუწვდომელი აბონენტები. ყოველდღიურობის ანონიმური კონსტრუქტორები. მოწყენილები და ბედნიერები. ჩვენ განსხვავებულ პროფესიებს ვფლობთ და განსხვავებულ პოზებში ვიძინებთ. გვაქვს ერთმანეთისგან განსხვავებული უნიკალური ცხოვრებისეული წარმოდგენები და გამოცდილებები… არალეგალური კოსმონავტიკა დაიწყება ოფიციალურად აღიარებული პოლიტიკური და ონტოლოგიური რეალობის აბსოლუტური, საყოველთაო, თუმცა საიდუმლო უარყოფით.”

გამოფენა “არალეგალური კოსმონავტიკა” საბჭოთა წარსულს და პოსტ-საბჭოთა რეალობას ეხება და საგურამოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში, ქართველი თანამედროვე მხატვრების რამდენიმე თაობის ადგილ-სპეციფიკურ ნამუშევრებს აჩვენებს. მხატვრების, რომლებიც სოცრეალიზმის წნეხის ქვეშ ცხოვრობდნენ და ახალგაზრდა მხატვრების, რომლებიც დღეს მემარცხენე იდეებსა და კაპიტალიზმის კრიტიკას შორის აღმოჩნდნენ.

პროექტი ასევე მოიცავს ვორკშოფების სერიას, რომელთა მიზანი “არალეგალური კოსმონავტის” კულტივირებაა – პიროვნების, რომელსაც გადარჩენისთვის აუცილებელი ელემენტარული უნარ-ჩვევები გააჩნია. ამ გზით პროექტი პასუხობს შეკითხვას: რა სახის უნარ-ჩვევებია საჭირო გადარჩენისთვის, თუ არსებული სისტემაც დაინგრა?

ექსპოზიციის ორგანიზატორები არიან მაგდა გურული და მარიამ ნატროშვილი და მასში მონაწილეობენ ზურა ჯიშკარიანი, გიორგი მაღრაძე, ჯგუფი ბულიონი, ილიკო ზაუტაშვილი, მამუკა ჯაფარიძე, ანა და თამარ ჩადუნელები, მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე.

შეიძლება ითქვას, რომ კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეკუთვნის, გამოფენის ერთ-ერთი მონაწილეა. მისი ისტორია 1979 წელს იწყება. ისევე როგორც საბჭოთა სამხედრო-სამრეწველო არქიტექტურული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი, ინსტიტუტი პოსტ-ტოტალიტარულ აწმყოში საკუთარი ფუნქციის ხელახალი განსაზღვრის რთულ გზას ადგას. შენობის არქიტექტურასა და ადგილმდებარეობაში საბჭოთა სამხედრო პროგრამების პრინციპები იკითხება: შენობის, ერთი შეხედვით რთულად გამოსაცნობი ფუნქცია და განცალკევებული მდებარეობა.

“არალეგალური კოსმონავტიკა” 2016-2017 წლების აპექსარტის ფრანშიზული პროგრამის გამოფენაა და 22 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

დეტალური ინფორმაციას გაეცანით აქ:

apexart.org1

apexart.org2

apexart.org3