6 ივლისი, 2017

“რა საზიზღარია ასეთი გარემო”

მწერალი დავით დეფი გოგიბედაშვილი თავის კოლეგებს აკრიტიკებს და მისი პიროვნების და ნაწარმოებების მიზანმიმართულ დაბლოკვაზე საუბრობს.

დავით დეფი:

“ბუღაძე და ტურაშვილი რუსთავი 2-ზე მუშაობენ და რუსთავი 2-ის დასაცავ მიტინგებზე, თუნდაც ნიკა გვარამიას მხარდამჭერ მიტინგზე, პოლიციის სამართველოს შენობასთან 30 დეკემბერს, როცა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ქართულმა ოცნებამ ის დააპატიმრა და იქიდან მოყოლებული ან სასამართლოებზე ან ზოგადად მთელ ამ ბრძოლაში, მიტინგებისა და აქციების, ტელეკომპანიის დასაცავად საგუშაგო დღე-ღამეების გავლით, ბოლო ამბებამდე, ისინი არა თუ არასდროს მინახავს, მათ მკაფიო პოზიციაზეც არაფერი მსმენია.

ეს ადამიანები – ესენიც და მთელი მათი ლიტ-ფრონტი, ჩემივე ე.წ კოლეგები, გამაოგნებლად ბევრნი, მე მაკრიტიკებდნენ, საქმეს მიზანმიმართულად მიფუჭებდნენ, ბლოკავდნენ და ახლაც ბლოკავენ და მლანძღავდნენ და ახლაც მლანძღავენ, თან ხან რადიო თავისუფლებიდან და ხან საიდან, მიშას ატმასკას როგორ აძლევ მწერალი, პოეტი სულ ოპოზიციაში უნა იყოსო და მათ გარდა მთელი ლიტ-არტისტ-სამყარო ამას მიჩიჩინებდა, თვითონ კი ივანიშვილით დაწყებული ხან ალასანიას უჭერდნენ და ახლაც უჭერენ მხარს და ხან ვის, ახლა ამ არჩევნებზე მათი მოსაწონი კანდიდატი ელენე ხოშტარიაა და არა ზაალ უდუმაშვილი.

თავშიც ქვა უხლიათ, ეგ ჩემი საქმე არაა. მე კარგად ვიცი ეგენი ვინც არიან. ერთხელ ვთქვი საშინლად მიხარია დათო ტურაშვილი და ლაშა ბუღაძე, დავით მაღრაძე და რატი ამაღლოებილი რომ არ ვარ და დეფი ვარ, დავით დეფი და თუ ამაღლობელი თანახმაა ესე იგი მე წინააღმდეგი ვარ-მეთქი, მაგრამ რუსთავი 2-ზე რომ ლიტერატურას საზღვრავენ (ეს შოუ “ლიტერატურული სამკუთხედი”, უკვე წლებია ჩემ შექმნილსა და გამოქვეყნებულს უსინდისოდ არ იმჩნევს) და მოტოს “ძალა ევროპაშია” სწორედ მათი პათოსითა და ვიდეო რგოლშიც მათი ვიზუალური ჩართვებით რომ ისმენს ქვეყანა – პარადოქსია.

ამ პარადოქსზე მე გული მწყდება. საერთოდ მთელ ამ უსინდისობაზე მწყდება გული. საზღვრების გადმოწევის წინააღმდეგ არარსებულ მათ პროტესტზე და გერმანიაში თუ ინგლისში წიგნის ბაზრობებზე, კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით და დაფინასებით მხოლოდ მათ სიარულზე უკვე გაფიქრებაც მძულს.

აქ ლაპარაკია, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ბორდის მიერ ჩემი წიგნების უსინდისო დაბლოკვაზე, რათა მათი აზრითა და სურვილით, არაფერი ჩემი ითარგმნოს და უცხოეთში გამოქვეყნდეს (თარგმნა მათ გარეშეც მოვახერხე და ჩემი რომანებიც უცხოეთში გამოდის ლიწინ-ლიწინით, ამით მხოლოდ ფაქტი აღვნიშნე) და ლაპარაკია მათი წიგნების უპრობლემო თარგმანზე.

აქ ლაპარაკია კულტურის სამინისტროს მხრიდან ნებისმიერ ლიტერატურულ სივრცეში ჩემ დაბლოკვაზე ზოგადად, (მე ჩემი სივრცე მაქვს, სივრცე კი არა სივრცეები მათ რომ არც დაესიზმრებათ იმხელა, აქაც მხოლოდ ფაქტი აღვნიშნე) და მათი ფავორიტი ოცდაათზე მეტი მწერლის სხვადასხვა ფესტივალზე გაშვებაზე ერთად (ოცდაათვივე! ერთად!) თუ ცალ-ცალკე. ამაში საკვირველი არც არაფერია. აი რუსთავი 2-ის მხრიდან კი ბუღაძე-ტურაშვილის მარაზმი პირადად ჩემთვის გულდასაწყვეტია.

მე ეს საზიზღარი დუმილი მძულს, ამასთან შეგუებული და გაღიმებული, მათდამი თითქოსდა ჩემი თანამოაზრეების, სინამდვილეში კი აბსოლუტურად არა-თანამოაზრეების ნახევრად-მეგობრული, ამაზრზენად ფამილარული ურთიერთობა, რომ ვითომ არაფერი ხდება, ვითომ ყველაფერი კარგადაა. არა და სინამდვილეში რა საზიზღარია ასეთი გარემო. უსაზიზღრესი.

ძალიან ცუდია ეს ყველაფერი, არასწორია და მაზალო. ძალა ევროპაშიაო ქადაგებენ ისინი რომლებიც კაცს, ვინც ევროპისკენ ქვეყანას ექაჩებოდა სისხლისმსმელი და დიქტატორი ეძახეს, რა არ აკეთეს, როგორ არ გამოიყენეს როცა საშუალება ეძლეოდათ და ეს საქმე რუსთავი 2-ზე გადის, რომელსაც ისინი არასდროს იცავენ. რა ჰქვია ამას თუ არა სიმახინჯე.

აქ მათზე იმდენად არ მაქვს საუბარი რამდენადაც რუსთავი 2-ის არჩევანზე ეგენი თავისთან ამუშაოს და განასაზღვრევინოს ლიტერატურა და მოტო – “ძალა ევროპაშია”.

ესაა ჩემთვის მიუღებელი. მიუღებელიც და ცოტა სასაცილოც.”