Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ვისაც ჯერ კიდევ არ გაგიაზრებიათ, რა კულტურის ნაწილი ხართ…”

"ვისაც ჯერ კიდევ არ გაგიაზრებიათ, რა კულტურის ნაწილი ხართ..."– იცოდეს ყველამ, რომ ამ ცხელ გზაჯვარედინზე ქართულ იდეას უჭირავს სახელმწიფო და ვინც ქართულ იდეას ებრძვის, ის საქართველოს სახელმწიფოებრიობას ებრძვის!!! – აცხადებს გადაცემის “გააგრძელე საქართველოს ისტორია” ავტორი გურამ ქართველიშვილი:

“ისეთი ისტორია გვაქვს ქართველებს, რომ გადაგვარების საფრთხე თითქმის არცერთ ეპოქაში არ გვაკლდა. თანაც ეს რეალური საფრთხეები იმის მიხედვით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, თუ როგორი მტერი ცდილობდა დაპყრობილი საქართველოს გადაგვარებას. მტერიც არის და მტერიც…

ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, საუკუნეთა მანძილზე საქართველოს აღმოსავლეთიდან დაძრული მომთაბარე, ნახევრადველური ხალხებისგან შემდგარი ურდოები აწყდებოდნენ. წარმოვიდგინოთ როგორი ცხოვრების წესი და როგორი რწმენა უნდა ჰქონოდათ ჩვენ წინაპრებს, როგორი სიფრთხილით და თავგანწირვით უნდა ემოქმედათ თაობიდან თაობამდე, რომ ამ ყველაფრის წამლეკავ წინახაზზე სადაც კავკასიაა, ქრისტიანული სახელმწიფო კულტურა გადაერჩინათ… აი, ის რასაც საქართველოს ვუწოდებთ დღეს.

აქ თუ ქართული კულტურა გააქრეს, მასთან ერთად გაქრება ამბიციაც ამ ცხელ გზაჯვარედინზე სახელმწიფოს ჭერისა, რადგან, ღმერთმა არ ქნას, ჩვენი ჩამნაცვლებელი. ნებისმიერი ეთნოსი ხომ, ოღონდ ნანატრი მიწა შეინარჩუნოს და, ყველა იმპერიის ნაწილობაზე მოაწერს ხელს. ის კი არა, წვეთ სისხლს არ დაღვრის არავინ, სულ რომ დაინაწილონ ეს ტერიტორია იმპერიებმა. ან რატომ უნდა დაღვაროს ხიზანმა გადამთიელმა აქ სახელმწიფოს ჭერისთვის სისხლი, თუ დამპყრობელი მას ხელში ჩაგდებულ მიწას საშვილიშვილოდ დაუკანონებს?! ის დამპყრობელი სახელმწიფოს ნაწილობასაც მშვენივრად შეეგუება და მისი რელიგია-კანონებითაც მშვიდად იცხოვრებს.

ასე რომ, ვისაც ჯერ კიდევ არ გაგიაზრებიათ, ქართველებო, რა კულტურის ნაწილი ხართ და რაზე დგას თქვენი სახელმწიფო, ეგებ წაგეშველოთ ეს ტექსტი თავის შეცნობაში… ისე ურიგო არ იქნება, თუ გააზიარებთ.

იცოდეს ყველამ, რომ ამ ცხელ გზაჯვარედინზე ქართულ იდეას უჭირავს სახელმწიფო და ვინც ქართულ იდეას ებრძვის, ის საქართველოს სახელმწიფოებრიობას ებრძვის!”