16 ივნისი, 2017

ხელოვნების სასახლის საგანძური დანიის კულტურის ცენტრად წოდებულ ქალაქ არჰუსში გამოიფინა

”რა არის ევროპა? – აფიშები მთელი კონტინენტიდან“ – ამ სათაურით 2017 წლის 15 ივნისს დანიის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ არჰუსის აფიშების მუზეუმში გრანდიოზული გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი ქართულ აფიშებს ეკავა, კერძოდ წარმოდგენილი იყო ორი აფიშა: ”შექსპირი რუსთაველის თეატრში” და ფესტივალი ”საჩუქარი”, ნიმუშების ასლები არჰუსის მუზეუმში ხელოვნების სასახლის კოლექციიდან გამოიფინა. ქართულის გარდა მუზეუმში ევროპის 56 ქვეყნის ნამუშევარი იყო გამოფენილი. არჰუსის მუზეუმში ექსპოზიციის გახსნას დანიის სამეცნიერო და კულტურული წრეების წარმომადგენლები, დანიაში საქართველოს საელჩოს და ხელოვნების სასახლის თანამშრომლები დაესწრნენ. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ მსგავსი მასშტაბის ევროპული აფიშების გამოფენაში საქართველო პირველად ღებულობს მონაწილეობას.

კატალოგი, რომელიც გამოფენას მიეძღვნა საქართველოს ღირსეულ ადგილს უთმობს და აღნიშნავს: ”გეოგრაფიულად საქართველო აზიაშია, მაგრამ პოლიტიკური მმართველობის ფორმითა და კულტურული განვითარების დონით ის ევროპის ნაწილია”.


გარდა ამისა, 2017 წელს, დანიაში, შობისადმი მიძღვნილი გრანდიოზული გამოფენაზე ქართულ ექსპოზიციას პირველად დაეთმობა ადგილი. ადგილობრივი ხელოვანებისა და ისტორიკოსების თხოვნით გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ეთნოგრაფიის მარგალიტი – „ქართული ჩიჩილაკი“. აღსანიშანავია, რომ ჩიჩილაკი, რომელსაც ქართული ტრადიციული ლურჯი სუფრის ორნამენტებიანი სათამაშოები ამშვენებს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანადგომით, მხატვრებმა ეკატერინე გეგუჩაძემ და ნინო ჭიჭინაძემ სპეციალურად დანიაში გამოფენაზე წარსადგენად შექმნეს.

დანიაში მიმდინარე მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენებში ხელოვნების სასახლის აქტიური ჩართულობა კიდევ ერთი მტკიცე დამადასტურებელი საბუთია იმისა, რომ საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა, დასავლური ცივილიზაციის განუყრელი ნაწილია.