Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

საინტერესო ექსპერიმენტი გალაკტიონის ლექსზე “კარალეთის დღეები”

30 ივნისი, 2017

საინტერესო ექსპერიმენტი გალაკტიონის ლექსზე "კარალეთის დღეები"”გაგონდება თუ არა,
კარალეთის დღეები,
მთების ლურჯი კამარა,
უცხო სამოთხეები?
კიდევ შეგრჩა თუ არა
მხიარული თვალები?
თუ დროს გადაუარა
და ჩაუქრო ალები?
მივდიოდით მხარდამხარ
და დრო გვეუარესა,
აწ არ იცი სადა ხარ
და რომელსა მხარესა…”

გალაკტიონ ტაბიძის ეს ლექსი პოეზიის მოყვარულებმა ზეპირად იციან.

პოეტმა როი აბუსელიძემ მკითხველს შესთავაზა თავისი ვერსიები ამ ლექსისა, თუ როგორ დაწერდა – ოთარ ჭილაძე, გიო საჯაია, ზურაბ გორგილაძე, თემურ ელიავა და ვახტანგ ჯავახაძე.

როგორ დაწერდა – ოთარ ჭილაძე
ნეტავ თუ გახსოვს დღეები ლურჯი?
იმეორებდნენ მთები სტრიქონებს,
და როგორც უცხო სამოთხის ხურჯინს,
დღეს კარალეთის დღეებს ვიგონებ.
კიდევ თუ შეგრჩა თვალები ცელქი?
თუ დრომ თავისი მზერით დადაღა
და ჩვილი როგორც სიარულს ებრძვის,
მე ისე ტკივილს ვებრძვი, სადა ხარ?
მხარდამხარ ყოფნის დღეებიც ვთვალე,
მსურს შენი ყელი, თითები, თმები…
მარტო ვზივარ და მაგ თვალის ალებს –
ფიქრში ვაღვივებ და ასე ვთბები.

როგორ დაწერდა – გიო საჯაია
დღეები, კარალეთი, გაგონდება?
სამოთხე, კამარა, საუბარი.
ლურჯი ქალაქი, ვაგონები,
არა მედიდურად დანაბერებს –
თუ შეგრჩა თვალები მხიარული?
დრო არის სიმორცხვე, მაგალითი.
მივდივართ მხარდამხარ, სიარული,
ნაბიჯი, სადა ხარ? ღალატია!

ოგორ დაწერდა – ზურაბ გორგილაძე
ჩემო კუნწალავ, კარალეთში გახსოვს დაგსდევდი,
ფეშტყემლის სურნელს თუ იგონებ, ოდას ბუხრიანს?
გახედე ამ ლურჯ სამოთხეებს, ამ მთებს თვალსეირს,
თითქოს ხორუმის ცეკვისას რომ ჩაუბუქნიათ.
სადა ხარ ახლა ლეღვიჩიტავ,
სულის ფანცქალო?
რომელ მხარეს ხარ? –
უშენობა აღარ მაცალო.

როგორ დაწერდა – თემურ ელიავა
გაგონდება თუ აღა – შორს ცის კაღალეთზე,
მთების კამარას რომ ქარი აშრიალებს,
ლურჯი ქედები რომ მიწას დაალეწეს,
მაშინ დაგინახე ქალო თავშლიანო.
ნეტავ კიდევ შეგჩა თვალნი მხიარულნი?
თუ დრომ ჩაუქროლა? ვეღარ შეგიყვაღე,
შენ სხვა მხარესა ხარ, მე კი გიხსენებ და
ქაღიც ამოვარდა, პალტო შევიკარი.

როგორ დაწერდა – ვახტანგ ჯავახაძე
გაგონდება დღეები და ღამეები კარალეთის?
მთები შენი თამარით და კამარით და კირილეთი.
კიდევ შეგრჩება თვალი, გული უწინდულად მხიარული?
თუ დრომ გადაუარა და ბნელ ხსოვნაში მიღვარულა.
აღარ მინდა მოგონება, ხსოვნამ წყალში გადაყაროს,
ისევ მინდა, ისევ მინდა რომ დრომ გაგვიმხარდამხაროს.