14 ივნისი, 2017

“ეს ხდება უშგულში”

უშგული იუნესკოს ძეგლია, თუმცა ეს ხელს არ უშლის ზოგიერთს, რომ უსახური შენობები წამოჭიმოს და საქართველოს ამ ულამაზესი კუთხის იერსახე სამუდამოდ დაამახინჯოს.

ირაკლი ჟვანია უშგულში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და წუხს, რომ სვანეთში უნებართვო, უპროექტო და უკანონო მშენებლობები მომრავლდა:

“ეს ხდება უშგულში. დაემსგავსა აქაურობაც ბაკურიანს და ქობულეთს. უშგული არის იუნესკოს ძეგლი. ორი წელია შენობის პროექტს ვათანხმებ ძეგლთა დაცვის სააგენტოში, მესამე ვარიანტი დავამუშავეთ ძალიან ფრთხილად, დეტალური კვლევით, მასალების მოძიებით, ტრადიციული არქიტექტურის შესწავლით, მივედით მისაღებ ეტაპზე და ეხლა იუნესკოში ვგზავნი შეფასებისთვის.

ადგილობრივ დამკვეთსაც უნდა რომ ააშენოს კულტურული მემკვიდრეობის მიხედვით, სახელმწიფო და საერთაშორისო კანონის დაცვით, ადგილის, ისტორიის და მომავლის პატივისცემით.

ასეთი არის ერთი ან ორი. დანარჩენი გამგეობის დონის ნებართვასაც არ თვლის საჭიროდ და ეს ყველაფერი უპროექტო, უნებართვო და უკანონოა იქ სადაც წინაპრებმა ლამარია, კოშკები, მაჩუბები და მსოფლიო მემკვიდრეობა დატოვეს. გამკითხავიც არავინ არის სახელმწიფოს მხრიდან ყური შეიბერტყოს და პასუხი მოჰკითხოს.

სადღეგრძელოები იცოცხლე ისმება. აი, ეს ვართ. აი, ეს მოსდის ღარიბი ეკონომიკის სუსტ სახელმწიფოს ანგარებიანი და უკულტურო საზოგადოებით, რომელიც არაფერს დაგიდევს ოღონდ ქართულ ლუდში ტურისტს ოთხი ლარი გადაახდევინოს და ლამარიას ხედზე ბლოკის ჯოჯო და კოკა კოლის ქოლგები ჩათხაროს.

ალბათ მალე ამასაც ამოგვიგდებენ იუნესკოდან ბაგრატის მერე, არც აღარავის ენდომება აქ ჩამოსვლა და დარჩება თაობებს ბაზრის დარეგულირებული მემკვიდრეობა.”