27 მაისი, 2017

“დავაწესოთ რუსთაველის დღე”

– რუსთაველი როდის დაიბადა, კაცმა არ იცის. შესაბამისად, 1966-ში პოეტის 800 წლისთავის აღნიშვნა, ცხადია, მხოლოდ სიმბოლური იყო. დიდი ამბები იყო მაშინ, საბჭოთა საქართველოში. ამ თარიღის მიხედვით შარშან 850 წლის იუბილე უწევდა და დაიწყო მზადება. 2016-მა ისე ჩაიქროლა, სახელმწიფოს „გამოეპარა“ იუბილე. როგორც ჩანს, იფიქრეს, მთლად ასე არ ივარგებსო და წელს გამოიღვიძეს, – აცხადებს ისტორიკოსი ბუბა კუდავა და საქართველოში რუსთაველის დღის დაწესებას ითხოვს.

ბუბა კუდავა:

“რუსთაველზე რუსთაველი იყო. ჭარბად, ლამაზად…

ბევრი რამ მომეწონა და მივხვდი, როგორ გვაკლია რუსთაველი. მისი წარმოჩენა, მისი დღეები, მისი ტურისტულად გაბრენდება.

ძალიან საშური საქმე იქნებოდა, დაგვეწესებინა რუსთაველის დღე ან დღეები, ყოველწლიურად აღგვენიშნა, ჩაგვეტარებინა ფესტივალი და მთელი ამბები…

მოკლედ, ძალიან მომეწონა შოთაობა და რუსთაველობა რუსთაველზე.

თუმცა ერთი რამ ვერ გავიგე – რატომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს? ამ დღეს მეტი „სახელმწიფო“ უნდა ყოფილიყო, მეტი „დამოუკიდებლობა“, მეტი „თავისუფლება“ და მეტი „საერთო ეროვნული დღესასწაული“.

დავაწესოთ შოთა რუსთაველის დღე და ყოველწლიურად აღვნიშნოთ. ასე ლამაზად და უფრო მაღლად, უხვად, მდაბლად…

ფესტივალით, წარმოდგენებით, კონცერტებით, სპექტაკლებით, სახალხო ამბებით. მოვიწვიოთ ტურისტები და კაცი კაცსა შემოვტყორცნოთ!

და ვაცალოთ 26 მაისს 26-მაისობა.”