10 აპრილი, 2017

სოხუმის თეატრში პრემიერაა

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო თეატრში პრემიერაა.

11 აპრილს რეჟისორი გიორგი ქანთარია მაყურებელს სპექტაკლს “ნაბუშრები” შესთავაზებს. საპრემიერო წარმოდგენა მარჯანიშვილის თეატრის სხვენში გათამაშდება. სპექტაკლის მხატვარია არჩილ მაისურაძე, სადაც ჟღერს ამერიკელი აბორიგენების, ინდიელების ფოლკლორი, ვისოცკის და “სისთემ ოფ დაუნის” მუსიკა.

სპექტაკლში მონაწილეობენ დიმა ჯაიანი, მერაბ ყოლბაია, ბადრი ბეგალიშვილი და ვერიკო კალანდია.

გიორგი ქანთარია, რეჟისორი:

“მარტინ მაკდონახის „ობოლი დასავლეთის” მიხედვით დაწერილი ზურაბ სამადაშვილის პიესა „ობლები” შავი კომედიაა. იგი გაჯერებულია მსუბუქი იუმორით და ზუსტად ასახავს დღევანდელ ქართულ რეალობას. თანამედროვე იგავი მოგვითხრობს ქალაქის გარეუბანში მცხოვრებ და გამუდმებით ერთმანეთში მოჩხუბარ ორი ძმაზე. უბნის ეკლესიის მსახური მამა იობი ხშირად არის ძმებთან და მუდამ მათ შერიგებას ცდილობს, ვიდრე ერთ-ერთი ჩხუბისას არ გაიგებს, რომ ერთ ძმას საკუთარი მამა ჰყავს მოკლული, ხოლო მეორე ამ ამბავს ძმის ქონების ხელში ჩაგდების მიზნით არ ამხელს. მამა იობი ვეღარ უძლებს ამდენი ცოდვის ყურებას. ისედაც მთელი უბანი ცოდვებშია ჩაძირული, ძმები ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენ, გოგოები სპირტით ვაჭრობენ, ორი კაცის მკვლელი კი არხეინად დაიარება ქუჩაში. იგი გადაწყვეტს, რწმენის მაგალითი აჩვენოს ხალხს და წყალზე გავლას შეეცდება, მაგრამ უშედეგოდ. ის იხრჩობა. თუმცა ამბობენ, რომ მან წყალზე ორი ნაბიჯის გადადგმა შეძლო. ამ ამბის შემდეგ, ძმები გადაწყვეტენ მამა იობის დანაბარების თანახმად, ყველა წყენა და დანაშაული მოუყვნენ და მიუტევონ ერთმანეთს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ურთიერთ აღსარებაც სისხლისმღვრელ ბრძოლად გადაიქცევა.”