23 აპრილი, 2017

“გვიწევს რადიკალური გადაწყვეტილების მიღება”

– ვინაიდან დადგა ის დრო, როდესაც გვიწევს რადიკალური გადაწყვეტილების მიღება, გვსურს შეგატყობინოთ თუ რა ხდება პროექტ „გააგრძელე საქართველოს ისტორიასთან“ დაკავშირებით, – აცხადებს შემეცნებით-საგანმანათლებლო და ისტორიული გადაცემის “გააგრძელე საქართველოს ისტორია” შემოქმედებითი ჯგუფი:

“საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავადვე თქვა უარი უკვე ბრენდად ქცეულ „გააგრძელე საქართველოს ისტორია“-ს არსებობაზე მის ეთერში”.

ძვირფასო გულშემატკივრებო, ვინაიდან დადგა ის დრო, როდესაც გვიწევს რადიკალური გადაწყვეტილების მიღება, გვსურს შეგატყობინოთ თუ რა ხდება პროექტ „გააგრძელე საქართველოს ისტორიასთან“ დაკავშირებით.

როგორც უკვე იცით, საზ. მაუწყებელში ტელევიზიის გაჯანსაღების და რეიტინგის გაზრდის მიზნით გამოცხადდა კონკურსი სხვადასხვა მიმართულებების, მათ შორის შემეცნებით-საგანმანათლებლო (ისტორიულ) პროექტებზეც. ვინაიდან „გააგრძელე საქართველოს ისტორია“ შინაარსით ზუსტად ჯდება ამ მიმართულებაში, ჩვენც დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ და რა სახით შემოგვეთავაზებინა ჩვენი ფილმები, რათა ისინი კიდევ უფრო საინტერესო და ყურებადი ყოფილიყო მაყურებლისთვის. „კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო“ (ამ შემთხვევასი ღმერთის როლში საკონკურსო პირობებზე მომუშავე ჯგუფი უნდა მოიაზრებოდეს).

მაუწყებელმა, აპრილში გამოაცხადა კონკურსი და მასში ჩადებული პირობებიდან გამომდინარე აღმოჩნდა, რომ „გააგრძელე“ თამაშგარეშია. თუ რატომ, თავად განსაჯეთ.

საკონკურსო პირობებით მასში მონაწილე პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი შეადგენს 441 000 (საშემოსავლოს გამოკლებით 352 800) ლარს 12 თვეზე, რომელთაგან ორი თვე წინასაწარმოო პერიოდია და 10 თვის განმავობაში გამარჯვებული პროექტი ეთერში უნდა გავიდეს ყოველკვირეული ერთსაათიანი ფილმებით ან გადაცემით, რაც ჯამში შეადგენს 40 ერთსაათიან ფილმს ან გადაცემას. თუ მარტივ არითმეტიკას გამოვიყენებთ, 441 000 ლარს გავყოფთ 40 ფილმზე და ამას კიდევ გამოვაკლებთ 20 პროცენტ სშემოსავლოს, ერთი ერთსაათიანი ფილმის გადაღებისთვის რჩება 8820 ლარი.

ეხლა ვნახოთ (ჩვენ შემთხვევაში) ეს ერთი ერთსაათიანი ფილმის ბიუჯეტი, 8820 ლარი, ახალი მოთხოვნების შესაბამისად, (ჩვენ შემთხვევაში) რაში უნდა გაიხარჯოს: 1. გადამღები ჯგუფის (მინიმუმ 18 ადამიანი) ხელფასები, 2. მსახიობების ჰონორარები, 3. ლოკაციების (ანუ გადასაღები სივრცის) ქირაობა, 4. მეთექვსმეტე საუკუნის კოსტუმების შეკერვა, მისთვის საჭირო მასალების ყიდვით (ნაჭერი, ტყავი, რკინა…), 5. მეთექვსმეტე საუკუნისთვის დამახასიათებელი რეკვიზიტების შექმნა (საჭირო მასალების ყიდვით) ან ქირაობა, 6. ცხენების და მისი აღკაზმულობის ქირაობა, 7. ტელევიზიისგან სამუშაო ოფისის ქირის გადასახადი, 8. ოფისის კომუნალური გადასახადები, 9. ტელევიზიისგან გადასაღები და სამონტაჟო აპარატურის ქირაობა, 10. ტელევიზიის ავტოპარკით სარგებლობის და ბენზინის ხარჯები, 11. სამივლინებო ხარჯები და ა.შ.

შედარებისთვის – ჩვენი შარშანდელი ბიუჯეტი შეადგენდა 275 000 ლარს და გათვლილი იყო 13 ოცდაექვსწუთიან ფილმზე. ამ ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული 1. შტატიანი თანამშრომლების ხელფასები, 2. ოფისის ქირა, 3. გადასაღები და სამონტაჟო აპარატურის ქირა, 4. კომუნალურები, 5. ავტოპარკით სარგებლობის და ბენზინის ხარჯები, 6. სამივლინებო ხარჯები, ვინაიდან მათ თავის თავზე ტელევიზია იღებდა. მიუხედავად ამისა ჩვენ ვერ შევძლებდით ფილმების გადაღებას არასაკმარისი ბიუჯეტის გამო, რომ არა რამდენიმე ბიზნესმენის (ხაზარაძე, ხელაშვილი, ნიშნიანიძე) კეთილი ნება, რომლებმაც გადაღებებისთვის უსასყიდლოდ დაგვითმეს არაჩვეულებრივი ლოკაციები და უძვირფასესი ცხენები. თუ კარგად შევადარებთ შარშანდელ და წლევანდელ ბიუჯეტებს და სახარჯო ნაწილებს მივხვდებით, რომ (ჩვენი ფილმების შემთხვევაში) წელს იმის მესამედი თამხაც არ გვექნება ფილმების გადასაღებად, რას შარშან გვქონდა (შარშან 275 000 ლარი ექვსსაათიან ფილმზე, წელს 441 000 – 40 საათიან ფილმზე).

ეხლა გულზე ხელი დაიდეთ და გვითხარით, ასეთი საკონკურსო პირობების მომფიქრებელს და შემდეგ გამსაჯაროებელს საერთოდ შეიძლება „გააგრძელე საქართველოს ისტორია“-ს არსებობა სურდეს მაუწყებლის ეთერში, ან განახლებული მაუწყებლის რეიტინგი ადარდებდეს?!

ბოლო სამი-ოთხი თვეა ვაკვირდებით ჩვენი ფილმების ნახვების რაოდენობა (თუმცა ბოლომდე ამ ნახვების გაკონტროლება შეუძლებელია, ვინაიდან ისინი უამრავ ჩვენთვის ნაცნობ და უცნობ ინტერნეტ თუ ფეისბუქის გვერდზეა გაფანტული). თვალში საცემია „გააგრძელეს“ გულშემატკივართა რაოდენობის ზრდა – ჩვენი ბოლო სეზონის ფილმებს ათიათასობით და ასიათასობით ნახვა და საოცარო გამოხმაურებები აქვს, რაც ჩვენთვის სასიხარულო იყო, საზ. მაუწყებლისთვის კი არაფრისმთქმელი, როგორც აღმოჩნდა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, იძულებული ვართ უარი ვთქვათ კონკურსში მონაწილეობაზე და დავტოვოთ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადგან თავმოყვარეობა და წინაპრებისა თუ მაყურებლის პატივისცემა არ გვაძლევს უფლებას მაყურებელზე და ეროვნულ თავმოყვარეობაზე გათვლი ფილმების გადაღების ნაცვლად ტელევიზიისგან ნაქიავები სტუდიიდან მთელი წელი კვირაში ერთხელ ერთი საათი მოგაბეზროთ თავი ჩვენი მართლაც რომ საინტერესო ისტორიის ზეპირი თხრობით, რომელიც შელამაზებული იქნება რუკებითა და სურათებით. ჩვენ ხომ სხვის გადაღებულ დოკუმენტურ მასალასაც ვერ გამოვიყენებთ, რადგან, თუ ვინმემ არ იცის ვეტყვით, რომ, ვთქვათ, მეთექვსმეტე საუკუნეში კინოკამერები არ არსებობდა, რომ იმდროინდელი დოკუმენტური მასალის გამოყენების საშუალება გვქონდეს.

ყველაფერი ზემოთთქმულიდან გამომდინარე იძულებული ვართ უარი ვთქვათ კონკურსში მონაწილეობაზე და დაგეგმილი სამი სერიის გადაღების შემდეგ დავტოვოთ საზოგადოებრივი მაუწყებელი.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ 2017 წლის საკონკურსო პირობებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავადვე თქვა უარი უკვე ბრენდად ქცეულ „გააგრძელე საქართველოს ისტორია“-ს არსებობაზე მის ეთერში.”