25 აპრილი, 2017

ძვირფასი სამუზეუმო შენაძენი დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდისგან

საქართველოს ხელოვნების სასახლეს დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდმა პროექტის „ეროვნული სალარო“-ს ფარგლებში 2 ძვირფასი ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური ნივთი გადასცა.

პირველი ნამუშევარი დიდი თეატრალური მხატვრის ირაკლი გამრეკელის ფუნჯს ეკუთვნის, ქაღალდზე სავარაუდოდ მხატვრის ავტოპორტრეტი უნდა იყოს გამოცემული. ნახატი XX საუკუნის 20-იან წლებშია შესრულებული და ხელმოწერილია, მუზეუმის სპეციალისტების ჩატარებული კვლევის მიხედვით ნამუშევარი ირაკლი გამრეკელის მეგობარსა და მაშინდელ თეატრალურ საზოგადოებასთან დაახლოებულ ცნობილ ქალბატონს აწ განსვენებულ ნანა მესტვირიშვილს ეკუთვნოდა. გამრეკელის ნამუშევარი XX საუკუნის 20-იან წლებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოდერნისტულ სტილშია შესრულებული.

მეორე დიდი ზომის ტილო XIX საუკუნის პოპულარულსა და ცნობილ ამერიკელ მხატვარს ჯოზეფ ვილმანს ეკუთვნის, მონუმენტური ნამუშევარი თანადროულ ჩარჩოშია ჩასმული და მასზე ტყის პირი საოცრად რეალისტურადაა გადმოცემული. ნახატი ჯოზეფ ვილმანის მიერ მარჯვენა ქვედა კუთხეში ლათინური ანბანითაა ხელმოწერილი.

პროექტი მეორე თვეა ხორცილედება და მუზეუმმა უკვე ფონდის დახმარებით 5 ძვირფასი ნივთი შეიძინა, მათ შორისაა სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძის მარაო. პროექტის დასარულს ერთი წლის თავზე ხელოვნების სასახლე დიდ გამოფენაზე დამთვალიერებელს ფონდის მიერ შექმნილ და საქართველოსთვის საჩუქრად გადაცემულ ეროვნულ კოლექციას წარუდგენს.