9 აპრილი, 2017

ახალი შენობა თბილისის აზერბაიჯანულ თეატრს

თბილისში ვახტანგ გორგასლის პირველ ნომერში არსებული შენობა, რომელშიც ამჟამად ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრია განთავსებული, მთლიანად ავარიული და ამორტიზებულია.

შენობაში, სადაც ყველაფერი ინგრევა, არ არის გათბობა, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემები გაუმართავია, არ არის საგრიმიოროები, სცენა და მაყურებელთა დარბაზი. დასი მომთაბარე ცხოვრებას ეწევა. 800 კვ.მ. ფართის შენობაში, თეატრის თანამშრომლები, ადმინისტრაცია და მსახიობები, 13 წელია, ორ, შედარებით საღ და უსაფრთხო ოთახს აფარებენ თავს.

თეატრისთვის თბილისში მიწის ნაკვეთი გამოიყო. აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო “APA” იუწყება, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის თქმით, მიწის ნაკვეთი ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, აზერბაიჯანის რესბუბლიკის საელჩოსთან ახლოს მდებარეობს. ახალი თეატრის მშენებლობას კომპანია „სოკარი“ აწარმოებს.