12 აპრილი, 2017

“დაასრულეთ ამ თემაზე საუბარი!”

მსახიობ ნოდარ მგალობლიშვილის მიერ მარჯანიშვილის თეატრის დატოვების ფაქტზე გავრცელებულ ინფორმაციას საზოგადოების გაღიზიანება მოჰყვა. რიგითმა მაყურებლებმა მსახიობს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს და მისი 240 ლარიამდე შემცირებული ხელფასი გააპროტესტეს.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნოდარ მგალობლიშვილს თეატრი არ დაუტოვებია, რასაც ნანა ჭრელაშვილი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა:

“ნოდარ მგალობლიშვილმა თეატრი დატოვა! დიახ, დატოვა! არა იურიდიულად, არამედ მორალურად! დატოვა იმიტომ, რომ არაპირდაპირ, კუტურულად უთხრეს, რომ ნოდარ მგალობლიშვილის არსებობა ამ დასში 240 ლარზე მეტი აღარ ღირსო. დიახ, ეს უთხრეს კაცს, რომელსაც არასოდეს არ გაუცვლია ღირსება არც დიდებაში, არც ფულში! მსახიობს, რომელიც დიდი თეატრალური ეპოქის უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახლდათ!

უფრო მეტიც, 85 წლის იუბილემ ისე ჩაიარა, მერიის კულტურის სამსახურის გარდა, რომელმაც საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭა, არ გახსენებია არავის. უფრო მეტიც, მე თქვენს მონა-მორჩილს ორი წელია ქალამნები შემომაცვდა ნოდარ მგალობლიშვილის ბიოგრაფიული ფოტოალბომის დაფინანსების ძიებაში!

უფრო მეტიც, მიხელ გიორგაძემ კულტურის სამინისტროს წინ მდგარ ნოდარ მგალობლიშვილს ისე ჩაუარა, სალამიც არ გაიმეტა მისთვის! ალბათ სალამი ბიუჯეტში არ იყო გაწერილი! მოკითხვაზე და ღიმილზე აღარ ვსაუბრობ!

ბატონი ნოდარი პირველი წუთიდანვე გეგმავდა თეატრიდან წამოსვლას, მაგრამ ამ ისტორიას თან დაერთო მისი ავადმყოფობა და ქირურგიული ოპერაცია. ამ ეტაპზე ის გადის რეაბილიტაციას, არის ძალიან სუსტად! მისი პასუხიც, რომ წამოვიდა თეატრიდან მის მორალურ განწყობას პასუხობდა!

თეატრისა და კულტურის სამინისტროს მხრიდან გაკეთებული განცხდებები, რომ ის იურიდიულად ისევ თეატრშია, ცვლის მათ დამოკიდებულებას? მათ გადაწყვეტილებებს რამე გამართლებას აძლევს?!
დაასრულეთ ამ თემაზე საუბარი!!!

მიჭირს მისი სიტყვების გამეორება მაგრამ… ,,მადროვეთ სიკვდილი!”

მსახიობის მიერ მარჯანიშვილის თეატრის დატოვების ფაქტს გამოეხმაურა მისი მეუღლე ნინო ჩხიკვიშვილი:

”ნოდარ მგალობლიშვილმა ყველას შემოგითვალათ, რომ მოვკვდები, მერე ილაპარაკეთ და მერე ააგორეთ სკანდალიო!”