3 აპრილი, 2017

მოზარდ მაყურებელთა თეატრში პრემიერაა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში პრემიერაა.

7 აპრილს თეატრის დიდ სცენაზე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი “ავი ლომისგან დღეს, ვინ გადაარჩენს ტყეს”.

უკრაინელი დრამატურგის იაროსლავ სტელმახის პიესას რეჟისორი ოთარ ბაღათურია დგამს, რომელმაც ეს ნაწარმოები ჯერ კიდევ 1997 წელს თარგმნა და იმდროინდელ ქართულ რეალობას მოარგო. 90-იან წლებში სპექტაკლი სხვადასხვა შემადგენლობით რამოდენიმეჯერ აღდგა.

7 აპრილს მოზარდ მაყურებელთა თეატრი მაყურებელს სპექტაკლის განახლებულ ვერსიას სთავაზობს. დამდგმელი რეჟისორის აზრით, პიესა 20 წლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალურობას, რადგან ნაწარმოებში წამოჭრილი პრობლემები ყველა დროში მარადიულია. ორ მოქმედებიანი კომედია პოლიტიკური ქვეტექსტებით. ავი ლომი, რომელიც ტყის უზურპაციას მოინდომებს და თანამზრახველად იქაურ მგელს გაიხდის.

სპექტაკლის მხატვარი გიორგი ბოქოლიშვილია, კომპოზიტორი დავით საყვარელიძე, სიმღერების ტექსტის ავტორი კოტე ყუბანეიშვილი, კოსტიუმები მაია სხირტლაძეს ეკუთვნის, ქორეოგრაფია კი გია მარღანიას.

საპრემიერო წარმოდგენაში მონაწილეობენ მსახიობები მამუკა ბოგვერაძე, ირაკლი გოგოლაძე, ქეთი ჩაჩუა, თეკლა ჯავახაძე, ლევან კაციაშვილი, რაჟდენ კერვალიშვილი, გიორგი ყორღანაშვილი, ხატია მელქაძე, მარიამ ხუხუნაიშვილი, ლაშა გრძელიძე, ნინო არჩაია, სოფო ფერაძე, ნინო გურულიშვილი, ირინე კუკულაძე, კესო მაისაშვილი და დავით ქარსელაძე.