Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

”გაიღვიძე, ქართველო ერო!”

”გაიღვიძე, ქართველო ერო!”ასე მოუწოდებდა მწერალი და მთარგმნელი ზვიად გამსახურდია საყვარელ თანამემამულეებს. 31 მარტი მისი დაბადების დღეა. ქართველმა ხალხმა იგი საქართველოს პირველ პრეზიდენტად აირჩია.

“არტ ინფო” გთავაზობთ ციტატებს ზვიად გამსახურდიას შემოქმედებიდან.

***

გაიღვიძე, ქართველო ერო! გაიღვიძე და გაჰყევი გზას ჭეშმარიტებისას, სიკეთისას, ღვთისას, ამინ!

მთავარია, გავაღვიძოთ ხალხში ეროვნული თვითშეგნება, განსაკუთრებით, ახალგაზრდობაში. მივცეთ ხალხს ცოდნა ჩვენი ისტორიის, ჩვენი ეროვნული ვინაობის შესახებ, რათა ქართველნი აღარ წამოეგონ უმეცართა და შეგნებულ პროვოკატორთა ანკესზე, რომელთაც მიზნად დაუსახავთ საქართველოს კუთხეებად დაქუცმაცება და მტრისთვის ხელის შეწყობა მის მოსპობასა და ასიმილაციაში.

ჩვენი წინაპრებისათვის ზნეობრივი განმართლების და განღმრთობის გზა იყო მთავარი და არა პიროვნული, ამსოფლიური ბედნიერება.

დიახ, წმინდანი იყო მუდამ იდეალი ჩვენი წინაპრების და ჩვენთვისაც უნდა დარჩეს იდეალად, თუ გვსურს ჩვენი ეროვნული და კულტურული არსებობის შენარჩუნება დღეს, ოკეანის პირისპირ, რომელიც ნთქავს ყოველგვარ ეროვნულ კოლორიტსა და ნიუანსებს. ის ერი კი, რომელიც დაკარგავს რწმენას და კულტურულ უპირატესობას ვერ შეინარჩუნებს მომხდურზე, უთუოდ დამარცხდება.

დიახ, დიდი კულტურულ-ისტორიული მისიის მეურვეა ის ერი, რომელმაც შექმნა “ვეფხისტყაოსანი”, დავით გარეჯის, ბერთუბნის, ყინწვისის, გელათის ფრესკები; დიდებული ხუროთმოძღვრება და მწერლობა.

თუ გსურს ერი, ან ადამიანი გახრწნა და გადააგვარო, მას არა მხოლოდ უნდა დაავიწყო წარსული, არამედ უნდა გაუყალბო კიდეც იგი. თავისი ჭეშმარიტი გმირები ბოროტმოქმედებად და უნიათო კაცუნებად უნდა დაუსახო, მედროვენი და მოღალატენი კი – გმირებად.

სიმართლეს საკუთარი ხელ-ფეხი ასხია.

არ შეიძლება საკუთარი თავისა და საკუთარი ხალხის მოტყუება – ამაზე მწარე ხვედრი, ამაზე შემზარავი დანაშაული არ არსებობს.

პატარა შეცდომა ხშირად დიდი შეცდომის საწინდარია.

ყველაფერი შეიძლება წაართვა პიროვნებას, ერს, მაგრამ ვერავინ შესძლებს თავისუფლების შეგრძნება წაართვას მას.

დამოუკიდებლობა ხომ ერის ზნეობის გადარჩენაა და, ამდენად, თვით ერის გადარჩენაც.

ნამდვილი დამოუკიდებლობის გზა, ჩემი აზრით, ეროვნული სულის, ეროვნული ხასიათის რესტავრაციით, მრავალი თვალსაზრისით უკვე დაკარგული ეროვნული სიამაყის, ეროვნული ღირსების აღორძინებით უნდა დაიწყოს.

საქართველო აზროვნებდა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.

მტერს ეშინია ჩვენი ერთობისა.

კუთხური ანტიპატიების გაღვიძება ჩვენი ერის უბოროტესი მტრების წისქვილზე ასხამს წყალს.

ჭეშმარიტი მსოფლიო მოქალაქეობა კი ეროვნული თვითშეგნების გარეშე არ არსებობს. ის, ვინც “გაინგლისელდება”, “გაგერმანელდება”, “გაფრანგდება”, “გარუსდება”, “გაამერიკელდება”, ვერასოდეს გახდება ინგლისელი, გერმანელი, ფრანგი, რუსი, ან ამერიკელი და ქართველობასაც დაჰკარგავს. და თუ ქართველებად დავრჩებით და თანაც, ვეზიარებით ამ ერების კულტურებს, გავაფართოვებთ და გავამდიდრებთ ჩვენს სამყაროს, გავხდებით ნამდვილი მსოფლიო მოქალაქენი. ევროპული ინტეგრაციაც ასე უნდა გავიგოთ და არა როგორც ეროვნული ინდივიდუალობების წაშლა და გათქვეფვა.

მდინარებას მკვდარი თევზები მიჰყვებიან.

ნაცრად ქცეული ხე ისევე ხეს გამოადგებაო სასუქად. ცხოვრებაშიც ასეა: კაცმა რომ მეორე კაცს არგოს, ხესავით უნდა დაიწვას მისთვის და დანაცრდეს.