7 მარტი, 2017

“არავის სჭირდება თქვენი 5-მილიონიანი მუზეუმი, თუ სიცოცხლე წაგვართვით!”

– მოვიდა ის დრო, რომ გითხრათ, ნუ გვკლავთ! გვაცოცხლეთ, გვასუნთქეთ, ღმერთის ნაბოძებ სიცოცხლეს თქვენ ნუ გვართმევთ! არავის სჭირდება თქვენი 5 მილიონიანი მუზეუმი, თუ სიცოცხლე წაგვართვით. თუ ჩვენი მოთხოვნა არ იქნება გათვალისწინებული, მივმართავთ სხვა ხერხს! – აცხადებს ვანო ერისთავი და კომპანია არემჯის სპეციალური წერილით მიმართავს:

“მივმართავ კომპანია არემჯის! დიდი ხანია ბოლნისის რაიონის მოსახლეობა ითმენს თქვენი, კომპანიის გაუმართლებელ საქციელს, რაც გულისხმობს სამთო მადნის კარიერის აფეთქების შედეგად ჰაერში გაბნეული მძიმე მეტალებით ჰაერის დაბინძურებას, რაც იწვევს სიმსივნურ და მასთან დაკავშირებულ დაავადებების გავრცელებას.

მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია მსხვილი დამბინძურებლების შესახებ, ესენია: 1. არემჯი, 2. ჯორჯიან მანგანეზი, 3. საქნახშირი და 4. ჰაიდელბერგცემენტი.

ჩვენ მოვითხოვთ, რომ კეთილი ინებონ კომპანია არემჯის მესაკუთრეებმა და გამოყონ საქველმოქმედო სარეზერვო ფონდი, რომელიც დაეხმარება ბოლნისის რაიონში მათივე მოწამლულ ხალხს და დაუფინანსებს მკურნალობის, ოპერაციის და ყველანაირ ხარჯებს. მე არ ვგულისხმობ კონკრეტულ ადამიანებს, არ აქვს მნიშვნელობა ეს ვინ იქნება, ხვალ შემდეგი შეიძლება შენ იყო. თუ ვერ გაფიქრდებათ ეს რა ხერხით უნდა მოხდეს, მზად ვართ რომ წარგიდგინოთ გეგმა, რომელიც ეფუძნება ქველმოქმედებას და თქვენს ვალდებულებას.

ალბათ იცით, რომ ეს უბრალო დამთხვევა არ არის, ბოლნისის რაიონში ძალიან გავრცელებულია სიმსივნური დაავადებები, ანემია, ლეიკემია და ა.შ.

მოვიდა ის დრო, რომ გითხრათ, ნუ გვკლავთ! გვაცოცხლეთ, გვასუნთქეთ, ღმერთის ნაბოძებ სიცოცხლეს თქვენ ნუ გვართმევთ! არავის სჭირდება თქვენი 5 მილიონიანი მუზეუმი, თუ სიცოცხლე წაგვართვით. 

თუ ჩვენი მოთხოვნა არ იქნება გათვალისწინებული, მივმართავთ სხვა ხერხს!”