8 თებერვალი, 2017

ნუ აშანტაჟებთ მსახიობებს!

მსახიობი ზაზა პაპუაშვილი კულტურის სამინისტროს მიერ განხორციელებულ ოპტიმიზაციის თემას ეხმაურება და საქართველოს თეატრებში არსებულ მდგომარეობას აფასებს.

ზაზა პაპუაშვილი აღმოჩნდა ერთადერთი მსახიობი რუსთაველის თეატრიდან, რომელიც ოპტიმიზაციის პროცესს შეეწირა – ის თეატრის ხელმძღვანელობამ დასიდან გაუშვა:

“მე მაინც მეგონა, რომ რუსთაველის თეატრი მადლობას გადამიხდიდა, იმის გამო, რომ გადავარჩინე – ჩემს თავზე მივიღე ძალიან დიდი დარტყმა, რაც არაერთხელ გამიკეთებია. ფინანსურ კოლაფსში რომ არ ჩავარდნილიყო თეატრი, ჩემი წამოსვლა თეატრიდან აუცილებელი იყო ხუთ თანამშრომელთან ერთად. ასე იყო მოწერილი. როგორც ჩანს ერთი თანამშრომელი მეც გახლდით ამ თეატრის. ასე რომ, გადარჩა თეატრი, ასეთი ვაჟკაცობა ჩავიდინე.

ის რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ ჩაიდინა ჩემს წინააღმდეგ, ამ ყმაწვილებმა – დღევანდელმა თეატრის მმართველებმა ჩაიდინეს. ცოტა მეტი ვაჟკაცობა და შნო უნდა სჭირდეთ, რომ სიმართლე ილაპარაკონ. თუმცა არავითარ ბოღმას არ ვიტოვებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ ამ საქციელით ბევრი რამე დაუშავეს საკუთარ თავს, ვიდრე მე. ისინი ყველაფერს ამას ძალიან მალე დაამთავრებენ, მე კიდევ დავიწყებ.

ამ ადამიანებზე ასეთი დიდი დარტყმა არ უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ თეატრების ბევრი ხელმძღვანელი დასაფასებელია, რადგან მაქსიმალურად უფრთხილდებოდნენ ამ მტკივნეულ პროცესებს.

გენიალური ისტორიით ქართული თეატრი ცვლილებას საჭიროებს. უკვე აღარ არიან ისეთი რანგის პედაგოგები, როგორებიც იყვნენ, თუნდაც რეჟისორები, როგორებიც იყვნენ, ბევრი რამ არის შესაცვლელი. მეჩვენება, რომ მთლად წინსვლებიც ვერ არის, ამასობაში ბევრი ნიჭიერი ადამინიც არის და კიდევ გამოჩნდება ამ ხელობაში, მაგრამ სასწრაფოდ უნდა დავუძახოთ იმ ხალხს, ვინც თანამედროვე დრამატურგიას, თანამედროვე გადაღების მანერას თუ სამსახიობო სკოლას ემსახურება. უნდა გავიგოთ რა ხდება სხვა ქვეყნებში. ვფიქრობ, ბევრი რამე მოგვიძველდა.

ქვეყნის ფინანსური მდგომარეობა გადამწყვეტია, მაგრამ კულტურის სამინისტროს ჯობდა კარგად ეპატრონა ამ სფეროსთვის.

ზოგიერთ რეჟისორს მინდა მივმართო – მსახიობებს კარგად მოექცნენ, იმიტომ რომ ეს ძალიან ძვირფასი ხალხია. ეს ხომ ის ხალხია, ვისთან ერთადაც თქვენ სპექტკლს და იდეას ახორციელებდით. კარგად მოეპყარით, ცოტა თბილად მოექეცით, ნუ აშანტაჟებთ, ნუ აშინებთ, ნუ აყენებთ ცდუნებისა და არჩევანის წინაშე, ნუ აძლევთ დაბალ ჰონორარებს!

დღეს ისევ ენთუზიასტების ხარჯზე გადის ეს ხელობა. 150 წლის ისტორიის მქონე, მილიონიანი ღირებულების პროფესია გვაქვს, მაგრამ რა ვქნათ რომ აქ ეს ხელობა პროფესიად ვერ გადაიქცა?! ენთუზიაზმი და ბევრი რამ საკუთარ თავზე გამომიცდია, მაგრამ ახლა ენთუზიასტობა აღარ მინდა. ეს ვრცელი თემაა, რაზეც ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი. ვფიქრობ, სასწრაფოდ ისევ სკოლას, სწავლას და განათლებას უნდა გადაეხედოს და თანაც მაქსიმალურად ახლებურად.”