Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“მინდა გაგიზიაროთ ჩემი დიდი სიხარული”

3 თებერვალი, 2017

"მინდა გაგიზიაროთ ჩემი დიდი სიხარული"რეჟისორი დავით საყვარელიძე ფართო საზოგადოებას ერთ სასიხარულო ინფორმაციას ამცნობს, რომელიც ქართულ კულტურას და მის პოპულარიზაციას შეეხება:

“მინდა გაგიზიაროთ ჩემი დიდი სიხარული. რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩამოვიყვანეთ ბატონები მარტინ ინგსტრომი და ავი შოშანი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის მუსიკალური ფესტივალის – ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებლები.

შვეიცარიის ალპებში პატარა საკურორტო დასახლება “ვერბიე” ყოველ ზაფხულს მსოფლიო მუსიკის ცენტრად იქცევა, სადაც ათეულ-ათასობით მუსიკის მოყვარული ჩადის. ფესტივალის მესვეურები საქართველოს კარგად იცნობენ, რადგან იქ ხშირად გამოდიან ჩვენი უსაყვარლესი ხატია ბუნიათიშვილი, ლიზა ბათიაშვილი. ხომ წარმოგიდგენიათ რა შთაბეჭდილება აქვთ ქართველებზე – ყველანი მათსავით ნიჭიერი და ლამაზები ვგონივართ.

ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებლებს ძალიან შთამბეჭდავი გამოცდილება აქვთ მუსიკის სამყაროში: მარტინ ინგსტრომი ჯერ ხელმძღვანელობდა უმსხვილეს სააგეტნოს, სადაც 400-მდე მუსიკოსი იყო გაერთიანებული და შემდეგ 20 წელი მართავდა კლასიკური მუსიკალური ჩანაწერების საგამომცემლო სახლს “დოიჩე გრამოფონს”, ავი შოშანი კი 43 წელია რაც ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის დირექტორი და დირიჟორ ზუბინ მეტას “მარჯვენა ხელია”.
ავი შოშანი საქართველოში, რომ ჩამოვიდა პირველი შეკითხვა დაგვისვა: “იცნობთ ანიტა რაჭველიშვილს?” ჩვენ ვუთხარით, რომ ახლო მეგობრები ვართ. მან გააგრძელა: “მე ხომ გადარეული ვარ ანიტაზე, მაგრამ ზუბინ მეტაა შეშლილი მასზეო”. როგორც მიხვდით, ანიტას გარეშე ფესტივალი არ გამოვა.

2009 წელს წინანდლის ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმს მაგარი რესტავრაცია ჩაუტარა კომპანია “სილქროუდ გრუპმა”. პრეზენტაციაზე ბატონ გია ყანჩელის თაოსნობით უდიდესმა მევიოლინემ გიდონ კრემერმა კონცერტი გამართა სახლ-მუზეუმის ბაღში. გიდონ კრემერმა თავისი ორკესტრი კიდევ 4 დღე დატოვა წინანდალში. იქ მეცადინეობდნენ, ატარებდნენ რეპეტიციებს. ისეთი ატმოსფერო სუფევდა, რომ სწორედ მაშინ გაგვიჩნდა იდეა დაგვეარსებინა მუსიკალურ საგანმანათლებლო ცენტრი და ფესტივალი წინანდალში.

დროთა განმავლობაში უამრავი ვარსკვლავი ჩამოვიყვანეთ წინანდალში. ფესტივალის იდეაც დაიხვეწა. შარშან 2016 წელს ჩვენ იდეას შემოუერთდა ბატონი მარტინი და ბატონი ავი. ერთობლივი მუშაობის შედეგად ჩამოვაყალიბეთ კონცეფცია, რომელიც შემდეგში მდგომარეობს:
წინანდლის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე დაარსდება მუსიკალური აკადემია; რეგიონის მასშტაბით (საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა და ა.შ.) შეირჩევა 100-მდე ახალგაზრდა, რომლებიც ჩამოვლენ წინანდალში. 4 კვირის განმავლობაში მათ მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსები, პედაგოგები, პროფესორები ჩაუტარებენ ტრენინგებს, გაკვეთილებს, მასტერკლასებს. ამავე ახალგაზრდა მუსიკოსებისგან დაკომპლექტდება სიმფონიური ორკესტრი. ჩამოსული ვარსკვლავები პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად კონცერტებსაც გამართავენ. ამ პერიოდში 35-მდე სხვადასხვა სახის კონცერტი ჩატარდება ფართო აუდიტორიისთვის. წინანდლის ფესტივალი ვერბიეს ფესტივალის ნაწილი გახდება და მსოფლიოს მუსიკის მოყვარულთა ყურადღების არეში მოექცევა.

მუსიკალური პედაგოგიკის და საკონცერტო პროგრამების მაღალი ხარისხის გარანტიას სწორედ ჩვენი პარტნიორები, მარტინ ენგსტრომი და ავი შოშანი იძლევიან. აკადემიის მთავარი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა ერთად იცხოვრონ, ისწავლონ და ერთად წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. ასეთი შემოქმედებითი მეგობრობა რეგიონში მშვიდობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის კი უნიკალური შესაძლებლობა იქმნება. ეს აკადემია საუკეთესო საშუალებაა მათი მსოფლიო სამუსიკო ინდუსტრიაში ინტეგრაციისთვის.

ვერბიეს გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამგვარი ფესტივალის არსებობას სერიოზული ეკონომიკური ეფექტიც მოჰყვება: საგრძნობლად გაიზრდება კახეთში ჩამომსვლელ დამსვენებელთა რაოდენობა. ეს რეგიონის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამ კონცეფციით და იდეით მივმართეთ სახელმწიფოს, რასაც უსწრაფესი რეაგირება მოჰყვა. სულ რამდენიმე დღის წინ შედგა მთავრობასთან ოფიციალური შეხვედრა. შეგვპირდნენ, რომ სახელმწიფო ფინანსურ დახმარებას გაუწევს ფესტივალს, ხოლო კომპანია “სილქ როუდ გრუპი” თავისი ხარჯებით ააშენებს წინანდალში სპეციალურად ფესტივალის საჭიროებებისთვის სასტუმროს, რომელიც ახალგაზრდა მუსიკოსთა ცამპუს -ად შეიძლება გამოვიყენოთ, მოაწყობს სარეპეტიციოებს, ააშენებს 400 მაყურებელზე გათვლილ დახურულ დარბაზს და 1000 მსმენელზე გათვლილ ამფითეატრს. ეს მაგარი მხარდაჭერაა და ამისთვის მინდა მადლობა ვუთხრა ყველას: პრემიერ მინისტრს, ეკონომიკის მინისტრს, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, კულტურის მინისტრს და რა თქმა უნდა, კომპანია “სილქ როუდ გრუპს”.

ფესტივალი 2019 წელს აიღებს სტარტს. მართლა ძალიან მინდა, რომ ყველაფერი გამომივიდეს. ფოტოზე წინანდლის ამფითეატრის რენდერია. მიახლოებით ასეთი უნდა იყოს.”

"მინდა გაგიზიაროთ ჩემი დიდი სიხარული"