24 თებერვალი, 2017

“დაწესდეს ქართული ხალხური სიმღერის დღე”

ქართველები სიამაყით აღნიშნავენ, რომ ქართული ხალხური სიმღერა მათი სიამაყეა და თუკი რამით შეგვიძლია თავი მოვაწონოთ მსოფლიოს, ეს ჩვენი ფოლკლორია.

ანსამბლ “ლაშარის” ხელმძღვანელი და მომღერალი გიორგი უშიკიშვილი გამოდის ინიციატივით, ქართული ხალხური სიმღერის დღე დაწესდეს და ეს დღე იყოს 24 თებერვალი – XX საუკუნის გამორჩეული ეთნომუსიკოლოგის ედიშერ გარაყანიძის დაბადების დღე. წელს მას 60 წელი შეუსრულდებოდა.

გიორგი უშიკიშვილი:

“ყოველთვის მინდოდა და ახლაც დიდი სურვილი მაქვს, დაწესდეს ქართული ხალხური სიმღერის დღე და ამ დღეს განსაკუთრებული ღონისძიებები გაიმართოს.

ვფიქრობ, კარგი იქნება ეს დღე იყოს 24 თებერვალი – ედიშერ გარაყანიძის დაბადების დღე. ედიშერის მოღვაწეობა იყო XX საუკუნეში გარდამტეხი ხალხური სიმღერის შემსრულებლობის კუთხით (და არა მარტო). იქნებ ვცდები, მაგრამ არა მგონია, ცუდი აზრი იყოს.

თუ მეთანხმებით, შემომიერთდით და გავაერთიანოთ ძალისხმევა. წელს ედიშერის დაბადების საიუბილეო წელია და თუ წელსვე მოხერხდება ძალიან კარგი იქნება.”