3 თებერვალი, 2017

იხურება თუ არა ნინო ზაუტაშვილის გადაცემა?

“რეალური სივრცე” – ასე ეწოდება გადაცემას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადის და ყველაზე აქტუალურ და პრობლემატურ თემებს წამყვანთან ნინო ზაუტაშვილთან და მიწვეულ სტუმრებთან ერთად აშუქებს.

გადაცემის “რეალური სივრცე” დახურვასთან დაკავშირებით, ინფორმაციას კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ავრცელებს:

“კოალიციისთვის ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაცემა “რეალური სივრცის” დახურვის შესახებ. ასევე იგეგმება მაუწყებლის სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვა და თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა.

“რეალური სივრცე” თავისი არსით არის ჭეშმარიტად საზოგადოებრივი პლატფორმა, ქართულ მედიასივრცეში ერთ-ერთი წარმატებული თოქ-შოუ, რომელიც სიღრმისეულად, სხვადასხვა კუთხით განიხილავს აქტუალურ და მწვავე თემებს. ამისათვის პროექტს არა ერთი პროფესიული ჯილდო და აღიარება ერგო,

კოალიცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის არც ერთი გადაცემა არ უნდა დაიხუროს მანამ, სანამ გადაწყვეტილების მიმღები პირები არ დაასაბუთებენ გადაცემების დახურვის გადაწყვეტილებას და არ წარმოადგენენ კონკრეტულ სამაუწყებლო ბადეს თუ რას სთავაზობენ მაყურებელს სანაცვლოდ. 2017 წელს ქვეყანაში ტარდება თვითმმართველოვის არჩევნები, მიმდინარეობს საკონსტიტუციო რეფორმა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ მნიშვნელოვან პროცესებს უნდა აშუქებდეს ინტენსიურად, უწყვეტ რეჟიმში.

კოალიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება პროცესების ამგვარ განვითარებას და მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საჯარო გახადოს დაგეგმილი შეხვედრა გენერალურ დირექტორთან და სხდომის ვიდეო განათავსოს მაუწყებლის ვებგვერდზე, რომ დაინტერესებულ საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება გაეცნოს გენერალური დირექტორის გეგმებს.”

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ნინო ზაუტაშვილი აცხადებს, რომ ყველაფერი ორშაბათს გახდება ცნობილი.