Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ეს იყო უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი”

23 იანვარი, 2017

"ეს იყო უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი"მომღერალი ნინო ბაშარული ევროვიზიის ეროვნულ ფინალს აკრიტიკებს და მას უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს უწოდებს.

ნინომ პირველად მიიღო მონაწილეობა ამ კონკურსში თავისი დაწერილი სიმღერით “ლილეო”.

ნინო ბაშარული:

“ევროვიზიასთან დაკავშირებით ვერ მოვიცალე, რომ ჩემი მოსაზრება დამეწერა გარკვეული მიზეზების გამო.

ეს იყო უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი, როგორც უმეტესობა კონკურსისა საქართველოში. ამას ვწერ, რადგან კაცთმოყვარე ვარ და იქნებ შეიცვალონ და არ დარჩნენ ის, რაც არიან მავანნი. გულით მინდა, გეფიცებით. თუმცა შანსი ცოტა აქვთ გამოსწორების როგორც ჩანს.

მჯეროდა, რომ ეს ევროვიზია მაღალ დონეზე იქნებოდა ორგანიზებული. იქნებოდა არა მხოლოდ კონკურსი, არამედ კონცერტი, კარგი კონცერტი, გამართული აპარატურით და პროფესიონალებით, სადაც ყველა მომღერალი თავის ინდივიდუალიზმს წარმოაჩენდა. ჩვენ ხომ უმეტესობას ეს გვინდოდა. გამარჯვებაზე ხომ არ ვიყავით დაფეთებული მაინცდამაინც. მართალია დიდი პუნქტუალურობით არ ვიყავი გამორჩეული და ყველგან ვიგვიანებდი, თუმცა სპეციალურად არა და ჩემი მავნე თვისებებით ვიწყებ საუბარს, რაც მახასიათებს მაგრამ…

როდესაც მომღერალი გენდობათ, ხომ შეიძლება ეს ნდობა გაუმართლოთ და არ უღალატოთ.

როდესაც გენერალურ რეპეტიციაზე გეუბნებით, რომ კვამლი არ ჩამირთოთ და თქვენ, დაწყებისთანავე კვამლს და ბუღს მიყენებთ სცენაზე გამოსვლისას, რა დავარქვა ამ საქციელს… მე ხომ თქვენს თვალწინ ლამის დავიხრჩვი ხველებით რეპეტიციისას და გთხოვეთ კვამლი მახრჩობს, არ მინდა და დამიტოვეთ მხოლოდ ქარი-თქო, თქვენ კი პირიქით ქენით, ბოლი მაკმიეთ, ქარი არ ჩართეთ და სიმღერაზე ფიქრის ნაცვლად თავის გადარჩენაზე ვფიქრობდი. ერთი სული მქონდა მიკროფონი დამეგდო და გავსულიყავი… მოვახერხე და სიმღერა დავასრულე… კიდევ კარგი ცრემლსადენი გაზი ან სხვა რამ უბედურება არ ჩამირთეთ… ადამიანურად მოგიდგებით და დავაბრალებ გულმავიწყობას ან უყურადღებობას, სხვა აზრი არ მინდა გავატარო, რადგან არ ვარ ინტრიგანი ადამიანი და ვერიდები აზრგამოლეულ კონფლიქტებს.

მეორე არის ის რომ… მონიტორში რომ საკუთარ ხმას ვერ გაიგებს მომღერალი და დარბაზში გაჟღერებული ხმით იმღერებს… ეს რაღას მივაწეროთ… ეს ხომ მომღერლისთვის იგივეა, რომ სილა გააწნა. ესეც დავაბრალოთ ტექნიკურ ხარვეზს… და ბოლოს, მივედით იმ დასკვნამდე, რომ ყველაფერი ისევ “ხარვეზის” ბრალი ყოფილა… ჰმ, ეს უნამუსო “ხარვეზი”, როგორ არა სცხვენია.

ხუმრობა იქით იყოს და… ეს ხომ მარტო კონკურსი არ იყო, ეს ხომ ხარისხიანი კონცერტიც უნდა ყოფილიყო და თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ “ჰომოსაპიენსები”, ვართ, ერთმანეთის მიმართ მეტი პასუხისმგებლობა მოგვეთხოვებოდა… ზოგი გენერალური რეპეტიციიდან სახელდახელოდ შუა სიმღერიდან გამოისროლეს, ვჩქარობთო, ზოგიც დერეფანში ტიროდა და ამას კარგად ვხედავდით, ამ ადამიანურ კომედიას და გვეცინებოდა მეც და სხვასაც…. რა რაოდენობის ფული უნდა გადამიხადონ, რომ მომისყიდონ ისე, რომ გავხდე სუბიექტური და ნიჭიერი ადამიანების უფლებები შევზღუდო…

ვაი, ჩვენს პატრონს… ბევრი მიხვდა რაშიც იყო საქმე, მით უმეტეს ამ ქვეყანაში არაფერი იმალება, მაგრამ ამის ფაქტებით განვრცობა რომ დავიწყო, ამისი არც დრო მაქვს და არც სურვილი… ყველას გვყავს ყველგან სანაცნობო და არ არსებობს საიდუმლო გაცხადებული რომ იქნეს… უბრალოდ ზოგი დუმს, რადგან მომავალი არ გაიფუჭონ, ზოგი კი ლაპარაკობს, რადგან ზოგჯერ დუმილი დანაშაულია.

თუმცა ვთვლი, რომ გამარჯვებულს საკმაოდ დიდი შრომა და ენერგია ჰქონდა ჩადებული თავის ნომერში. ვუსურვებ მას წარმატებას და, დაე, ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველო. ამაში ხელს უწყობს ხმაც, ვიზუალიც და ბრძოლისუნარიანობაც.

რაც შემეხება მე…. მე ნინო ბაშარული ვარ და ვქმნი ჩემს შემოქმედებას და ასეც ვაპირებ გავაგრძელო.

რაც შეეხება ლაივში სიმღერას, მთელი ცხოვრებაა ცოცხლად ვმღერი და ჩემი სოლო კონცერტებიც წარმატებით იმართება და წინ მრავალი სოლო კონცერტი მელის, რომელიც გაიმართება თქვენთვის, საქართველოში თუ საზღვრებს გარეთ, სადაც შეგნებულად, თუ შეუგნებლად არ ამომიფრქვევენ კვამლს და არ გამგუდავენ სცენაზე.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა. მიყვარხართ და ვიმღერებ თქვენთვის.”