Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“დავიკაპიწოთ ხელები და ქვეყანას მივხედოთ!”

19 იანვარი, 2017

"დავიკაპიწოთ ხელები და ქვეყანას მივხედოთ!"“ქართული ნეკროლოგი” – ასე ასათაურებს მწერალი გურამ ქართველიშვილი თავის ახალ ჩანაწერს. მიმართვას ქართველებისადმი მისი მეუღლე თამარ მესხი ავრცელებს.

გურამ ქართველიშვილი:

“იქნებ ერთხელ მაინც ვიკითხოთ, რატომ გავხდით ქართველები ასე ხელაღებით საკუთარი კულტურის გამანადგურებლები და რატომ მოვუძღვებით კავკასიაში ყველაფერ მდარეს!

დააკვირდით მეზობელ ხალხებს, რომლებსაც არანაკლები გენოციდები აქვთ გადატანილი და აქედან გემომდინარე, გამოცდილებაც დიდი აქვთ. რომელი ებრძვის თავის კუტურას?! რომელია ისე მოწადინებული არყოფნით დაამთავროს თავისი ისტორია, როგორც ქართველები?! ვინ ცდილობს ასე დაჟინებით თავისი კულტურა ჩაანაცვლოს სხვისი, საეჭვო კულტურით,

ვიღაცეების მიერ შეთითხნილი “განათლებით” და “ფასეულობებით”?! რომელ ხალხს ამოძრავებს შეშლილი სურვილი თავის მიწაზე ასე ხელგაშლილად შემოიყვანოს ათასი ჯურის მიგრანტი, რომელთა სიმრავლეშიც სულ რამოდენიმე წელიწადში ისე გავითქვიფებით ქართველები, რომ ერთმანეთს ვეღარ ვიცნობთ.

არადა ძლიერმა ევროპამ ვერ შეძლო მიგრანტთა მასების შემოტრიალება თავის კულტურაზე. ამის შემხედვარე ყველა ჭკუათმყოფელი ხედავს, რომ ევროპა, როგორც ქრისტიანული სამყარო, კვდება და ეს მოკვდინების პროცესი კონფლიქტების გარეშე იქაც არ დასრულდება. ერთხელ მაინც მოსვლიათ თავში ჩვენს პოლიტიკოსებს რას უმზადებენ ხვალინდელ კავკასიას (საქართველო რომ აღარავის ანაღვლებს ეს სახეზეა)?

როგორ გვგონია, აწყობთ ჩვენ მეზობელ ერებს კავკასიაში ყველაზე სტრატეგიული ტერიტორია – საქართველო – გადამთიელების ხელში აღმოჩნდეს?! ლოგიკა ხომ მარტივია, მაგრამ მართალი – თუ შენ აღარ გინდა არსებობა და უფროსი ძმის როლის შესრულება კავკასიის ხალხებს შორის, ასე ბარბაროსულად ექცევი საკუთარ კულტურას და მიწას, რატომ დაგზოგავს მეზობელი, რატომ გაგიწევს ანგარიშს და რატომ არ ენდომება ის შენი სტრატეგიული ტერიტორია, რომელიც შენ, ქართველს, აღარ გინდა?!

P.S ამ ქვეყნის მარად გაწონასწორებულო და მარად მშვიდო მესვეურებო – პოლიტიკოსებო, ინტელიგენციავ და ეკლესიის მსახურნო, იქნებ გონზე მოვიდეთ და საკუთარი ღობის შიგნით “მოღვაწეობას” თავი დავანებოთ, გამოვფხიზლდეთ და ხმა ამოვიღოთ, გავაგებინოთ ხალხს ის, რაზაც ბევრი თქვენგანი სალონებში ჩურჩულებს, დავიკაპიწოთ ხელები და ქვეყანას მივხედოთ! ან არადა შევიკრიბოთ ქართულ ბედოვლათურ საფიხვნოში, ბარემ სარფიანად მივყიდოთ ვინმეს ეს ჩვენი საქართველო, მერე ის ფული გავინაწილოთ და გავიქცეთ აქედან (ყველას შეხვდება, განა რამდენიღა დავრჩით). მერწმუნეთ, ეს უფრო ღირსეული საქციელი იქნება, ვიდრე დუმილი და იმის მშვიდად ყურება, როგორ გიკლავენ თვალწინ სამშობლოს საქონელივით!!!”