25 ნოემბერი, 2016

ხათუნა დონდუა – ტკივილიანი და სევდიანი გოგონა “მზიურიდან”

xatuna-dunduaბავშვთა ანსამბლმა “მზიურმა” არაერთი თაობა გამოზარდა, თუმცა მათგან გამორჩეული ანსამბლის პირველი თაობა იყო.

ცნობილი ფრაზა – “აჩვენეთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება!” – სწორედ “მზიურის” ამ თაობაზეა ნათქვამი – თამარ გვერდწითელი, ეკა კახიანი, თამრიკო ჭოხონელიძე, მაია ჯაბუა, ლია ხორბალაძე, ხათუნა დონდუა…

ხათუნა დონდუა ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა და ამქვეყნიდან თავისი უდროო წასვლით ყველას დასწყვიტა გული.

ხათუნა დონდუა ზაზა მუჯირმა გაიხსენა:

“ნათელი, წარუშლელი, გაუხუნარი, ბედნიერი, ღიმილიანი, სევდიანი, ტკივილიანი.

არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მიყვარდა, გამორჩევითაც კი. მუდამ მოწესრიგებულს სახეზე თბილი ღიმილი დასთამაშებდა. სხვა ხიბლი ჰქონდა, სხვა პეწი, სხვა შარმი, სხვა აურა-დადებითი და მომნუსხავი.

ადრე გაილია მისი სავალი ბილიკი, მეტად ადრე, განგებამ არ ინება ხანდაზმული, სიბერე შეპარული გვენახა, ვერ გამოიმეტა მისთვის სიცოცხლის წლები, დაენანა და თავის წიაღში წაიყვანა სამარადისოდ…

ვარსკლავივით გადაუქროლა ჩვენს ცხოვრებას და კი არ ჩაქრა, მიინავლა, არამედ ზეციურ საქართველოში აკიაფდა ჩაუქრობელ ვარსკვლავად.

P.S. 1983 წლის იანვრის თვეში, კახიანის სახელობის დიღმის საავადმყოფოში ვიწექი გამოკლევის მიზნით. ჩემი პალატის პირდაპირ პალატაში იწვა მამამისი (ახლა სახელს ვერ ვიხსენებ). მე მაშინ მოზარდი ვიყავი, ის კი ჩემზე ბევრად უფროსი. ასაკის მიუხედავად, დავუმეგობრდი, გავუშინაურდი, დიდ დროს მის პალატაში ვატარებდი. ვსაუბრობდით ათას რამეზე… თბილი, უშუალო, კონტაქტური კაცი იყო, ისეთი რომ გულთან ახლოს მიგიშვებდა…

ხათუნა იქ ვნახე პირადად პირველად (“მზიურის” და ტელევიზიის მეშვეობით კი ვიცნობდი), ხილი მოჰქონდა მამასთან, ზრუნველობას არ აკლებდა. (მამამისიც ტელევიზიაში მუშაბდა) შემოვიდოდა თუ არა პალატაში, საოცარ შუქს, სურნელს, ღიმილს, სითბოს შემოიყოლებდა თან, ჰაერიც ამსუბუქდებოდა, უფრო გამჭირვალე ხდებოდა.

იშვიათად მინახავს მაშინაც და შემდეგშიც ასეთი დასახამახსორებელი, ეშხით შეზავებული ღიმილიანი, პირმომცინარე სახე. მაგრამ დაკვირვებული თვალი მის ლამაზ სახეზე სევდის ჩრდილსაც შეამჩნევდა…”