Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მსოფლიოს საუკეთესო მევიოლინე ქალბატონი ქართველია!

15 სექტემბერი, 2016

1liza-batiashvili– მსოფლიოს საუკეთესო მევიოლინე ქალბატონი ქართველია! – ამ ინფორმაციას მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი ავრცელებს და დეტალურად საუბრობს მევიოლინეზე – ლიზა ბათიაშვილზე, რომელიც მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ნიკოლოზ რაჭველი:

“Artist in Residence  – რამდენჯერმე მომიწია ამერიკის ფაქტიურ დედაქალაქში ყოფნა, როცა ლიზა იყო ნიუ იორკ ფილარმონიკის რეზიდენტ-სოლისტი, მთელი ქალაქი აჭრელებული იყო მისი პოსტერებით, აფიშებით (წლევანდელ სეზონსაც ლიზას ჩაიკოვსკით ხსნიან)… ამჯერად მას ამსტერდამის კონცერტგებაუს ორკესტრმა მიანიჭა ასეთი განსაკუთრებული და საპატიო სტატუსი 2016/17 სეზონისათვის.

ეს ორკესტრი დედამიწის ორკესტრებს შორის მუდმივად იყოფს პირველობას ბერლინის ფილარმონიურთან. კრიტიკოსები ხან ერთს აყენებენ წინ, ხან – მეორეს. მაგრამ ორივენი ევროპაში და მთელს პლანეტაზე საუკეთესოდ ითვლებიან. ხოდა თუ გავიხსენებთ, რომ ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი წლების განმავლობაში ჩვენს ლიზასან ერთად ხსნის ან ხურავს თავის საკონცერტო სეზონს და მისი თანაბარხარისხოვანი კონკურენტი ამსტერდამის კონცერტგებაუს ორკესტრი ლიზას რეზიდენტ-სოლისტის კონტრაქტს უფორმებს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მევიოლინე ქალბატონი სწორედ ქართველია! ეს კი ძალიან, ძალიან საამაყოა!

არამცოდნეთათვის მინდა დავაკონკრეტო: ეს არის მსოფლიო მუსიკალური სამყაროს აღიარების ის ხარისხი და სტატუსი, რომელიც არასდროს ღირსებია მაგალითად შავი ზღვის არენაში ასიათასებად ჩამოყვანილ შოუ-მევიოლინე ვანესა მეის. აღარაფერს ვამბობ, რომ დღემდე ყვებიან, თუ რა ძალისხმევით გამოსტაცა კლასიკური მუსიკის N1-მა Recording Lable-მა „დოიჩე გრამაფონმა“ ლიზა ბათიაშვილი ასევე წამყვან და ყველასათვის ნაცნობ კომპანია „Sony“-ს, რომელთანაც მან პირველი სამი ალბომი ჩაწერა…

ხოდა, ძვირფასო ჩემო თანამემამულენო, მე ვთვლი, რომ ქართველმა ერმა უნდა იცოდეს რა დონის, რა აღიარების, რა შემოქმედებითი ხარისხის და კარიერის რა საფეხურზე მყოფი ვარსკვლავები ჰყავს საქართველოს მსოფლიო კლასიკური მუსიკის სამყაროში.

ამჯერად ლიზა ბათიაშვილზე მოგახსენეთ, შემდგომ კი ხატიაზე, ანიტაზე, ნინოზე, გიაზე და სხვა გენიალურ ქართველებზე დავწერ.

P.S. ეგებ სახელმწიფო თანხების გადანაწილებისას მომდევნო მოწვევის პარლამენტში თუ მთავრობაში მოსული პოლიტიკოსები ჩაღრმავდნენ, რათა სწორად განსაზღვრონ, თუ რა ადგილი უნდა ჰქონდეს კლასიკურ მუსიკას, ზოგადად მუსიკას და ხელოვნებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ პრიორიტეტთა ნუსხაში… რაც თავი მახსოვს, კულტურა (სხვა სამინისტროების ბიუჯეტებთან შედარებით კულტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი სუბსიდიის ოდენობიდან გამომდინარე) ამ ქვეყანაში არც ერთ დროში არ იქნა აღიარებული ოფიციალურ პრიორიტეტად და არც პოლიტიკოსთა წინა საარჩევნო დაპირებებში ამომიკითხავს მსგავსი…”