Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დაუვიწყარი ფესტივალი სალხინოს დადიანთა საშემოდგომო რეზიდენციაში

17 სექტემბერი, 2016

fest130 სექტემბერს სალხინოს დადიანთა საშემოდგომო რეზიდენციაში კამერული მუსიკის მეორე საერთაშორისო ფესტივალი “სალხინოს სასახლის კამერატა” საზეიმოდ გაიხსნება.

ფესტივალი გაიმართება მარტვილის მუნიციპალიტეტში, სალხინოს დადიანთა საშემოდგომო რეზიდენციაში, რომელიც კულტურული ტრაიდიციების მქონე ორსაუკუნოვანი ძეგლია (1804-1840).

ფესტივალი ტრადიციულად სამდღიანია და ის სასახლის ორსაუკუნოვან ხეივანში, ღია ცის ქვეშ ჩატარდება. მისი მიზანია, ერთი მხრივ, რეგიონში ხელი შეუწყოს კულტურული ცხოვრებისა და ტურიზმის განვითარებას, მეორე მხრივ – აღნიშნულ სასახლეში აღადგინოს XX საუკუნემდე არსებული კულტურული და სალონური შეკრებების ტრადიცია, რომელსაც თავად დადიანებმა და მათთან დანათესავებულმა ფრანგმა დიდგვაროვნებმა, მიურატებმა ჩაუყარეს საფუძველი.

წელს ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 20 მუსიკოსი 6 ქვეყნიდან – საქართველოდან, ავსტრიიდან, ბელგიიდან, ლიტვადან, თურქეთიდან და სომხეთიდან.

ფესტივალი 2015 წელს დაფუძნდა და იმთავითვე იქცა უმნიშვნელოვანეს, ამ რეგიონში უპრეცედენტო კულტურულ მოვლენად, რამდენადაც კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, აქ, ფაქტობრივად, არ გამართულა.

ფესტივალი, შემფასებლის რანგში, ყოველწლიურად კონსერვატორიიდან იწვევს მუსიკისმცოდნეებსა და კრიტიკოსებს, რომელთაც საშუალება ეძლევათ სრულად ადევნონ თვალი ფესტივალის მიმდინარეობას და დააფიქსირონ საკუთარი პროფესიული შეფასება.

ფესტივალი სრულად დაფინანსდა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისა და ბიზნესსექტორის ხარჯებით. მისი ოქროს სპონსორია ღვინის კომპანია „როიალ დადიანი“, გენერალური სპონსორი „MBC- მარტვილის ბიზნესცენტრი“.

ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი ,,დღეს” (ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძე), მხარდამჭერი კი მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა.

,,სალხინოს სასახლის კამერატა” ხორციელდება ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს ლოცვა-კურთხევით.

ფესტივალის ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელია მუსიკოსი შიო აბრახამია, დირექტორი – კომპოზიტორი ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი.

სალხინოს დადიანთა საშემოდგომო რეზიდენციაში კამერული მუსიკის მეორე საერთაშორისო ფესტივალი 2 ოქტომბერს გალაკონცერტით დაიხურება.